ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პეკინში მიიღო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი, იუწყება ჩინეთის მედია.
ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 21-დან 23 ნოემბრამდე გაგრძელდება, რუსეთის პარლამენტის წარმომადგენლები ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) ხელმძღვანელობას და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდებიან.
თავის მხრივ, რუსული მხარის ცნობით, „ვიაჩესლავ ვოლოდინმა სი ძინპინს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თბილი მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა.“
„თქვენი ურთიერთობების დამსახურებაა, რომ ჩვენი ქვეყნები არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები არიან, არამედ სტრატეგიული მეგობრებიც,” - აღნიშნა ვიაჩესლავ ვოლოდინმა. მისი თქმით, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის ძალისხმევით, „რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები განვითარების პიკზეა.“
სი ძინპინი რამდენიმე დღის წინ სან-ფრანცისკოში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს. ჯო ბაიდენი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სამხედროებს შორის მაღალი დონის კონტაქტების აღდგენაზე შეთანხმდნენ.
ბაიდენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტს ისევ დიქტატორი უწოდა.