გერმანია და იტალია ოთხშაბათს შეთანხმდნენ, რომ ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, კლიმატის დაცვის, უსაფრთხოებისა და კულტურის სფეროებში უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და იტალიის პრემიერმა, ჯორჯია მელონიმ "სამოქმედო გეგმას" ბერლინში, ორივე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრის შემდეგ მოაწერეს ხელი.
იტალია და გერმანია ალპების გასწვრივ გაზისა და წყალბადის მილსადენს ააშენებენ, რათა უკრაინაში ომის ფონზე ენერგომომარაგება გააძლიერონ.
„სამოქმედო გეგმა განავითარებს ახალ პროექტებს და შექმნის თანამშრომლობის ახალ ფორმატებს,“ განაცხადა შოლცმა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შოლცმა ალპებზე ახალი მილსადენის მშენებლობის შესახებ გამოაცხადა.
„ჩვენ ვთანხმდებით, რომ გვინდა, გავაფართოოთ ჩვენი ენერგეტიკული თანამშრომლობა, რათა გავაძლიეროთ გრძელვადიანი მიწოდება, უსაფრთხოება და ტრანსფორმაცია,“ - განაცხადა კანცლერმა.
„ალპების გასწვრივ ახალი მილსადენის მშენებლობით გვინდა, გავზარდოთ ორივე ქვეყნის მიწოდების უსაფრთხოება. ამავდროულად, ჩვენ გვსურს, სწრაფად გავაფორმოთ გერმანულ-იტალიური გაზისა და სოლიდარობის შეთანხმება,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.