რუსულ-ჩინურ კონსორციუმს ყირიმის ხიდთან წყალქვეშა გვირაბის აშენება სურს - Washington Post

რუსეთს ყირიმთან დამაკავშირებელი წყალქვეშა გვირაბის აშენების გეგმა აქვს. უკრაინის უშიშროების სამსახურების ინფორმაციით, მთავრობასთან კავშირში მყოფმა რუსმა და ჩინელმა ბიზნესის აღმასრულებლებმა საიდუმლო დისკუსიები უკვე გამართეს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკული გამოცემა Washington Post-ი ავრცელებს.


შეხვედრები ოქტომბერში გაიმართა, რაც ქერჩის სრუტეზე 11 მილის სიგრძის ხიდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რუსეთის შეშფოთებას მოჰყვა. უკრაინა ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამიზნედ თვლის, რადგან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს.

ამერიკული გამოცემის თანახმად, აღნიშნული მოლაპარაკებები ხაზს უსვამს რუსეთის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს კონტროლი ყირიმზე, ნახევარკუნძულზე, რომლის ანექციაც მან 2014 წელს მოახდინა.


მოსკოვის ნაბიჯი ასევე ნიშანია ჩინეთზე მზარდი დამოკიდებულების. აშშ-ის ოფიციალური პირებისა და ექსპერტების თქმით, არსებულ ხიდთან გვირაბის მშენებლობა უზარმაზარ დაბრკოლებებს წააწყდება. ისინი აცხადებენ, რომ ასეთი მასშტაბის სამუშაო, რომელიც, სავარაუდოდ, მილიარდობით დოლარი დაჯდება და დასრულებას წლები დასჭირდება, საომარ ზონაში არასდროს ჩატარებულა.


ექსპერტების თქმით, გეგმის სიცოცხლისუნარიანობის შესახებ არსებული კითხვების მიუხედავად, რუსეთს მკაფიო მიზეზები აქვს მისი განხორციელებისთვის. იმ ფონზე, რომ კრემლმა ომში გადამწყვეტ გამარჯვებას ვერ მიაღწია, არსებობს რისკი, რომ უკრაინა ქერჩის ხიდზე ინტენსიურ თავდასხმას შეეცდება.


„პროექტი პოლიტიკურ და ფინანსურ რისკებს უქმნის ჩინეთს, რომელსაც ოფიციალურად არასოდეს უღიარებია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და რომლის კომპანიებიც შეიძლება, ეკონომიკური სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ,“ - წერს ამერიკული გამოცემა. The Washington Post-ს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ პროექტით ჩინეთის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია დაინტერესდა.


გამოცემის ცნობით, ინფორმაციის ავთენტურობას The Post-ის მიერ ცალკე მოპოვებული სხვა ინფორმაცია ადასტურებს, მათ შორის, ფაილები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ყირიმში რუსულ-ჩინური კონსორციუმი ახლახან ჩამოყალიბდა. კონსორციუმის ოფიციალურ პირებს შორის ელექტრონულ მიმოწერაში ასევე მოხსენიებულია შეხვედრები ჩინელ დელეგატებთან ყირიმში.


4 ოქტომბრით დათარიღებული ერთ-ერთი შეხვედრა აღწერს, რომ ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაცია CRCC მზადაა, უზრუნველყოს ნებისმიერი სირთულის სარკინიგზო და საგზაო სამშენებლო პროექტების მშენებლობა ყირიმის რეგიონში.“

CRCC, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიაა, რომელმაც ჩინეთში მრავალი უმსხვილესი საგზაო და სარკინიგზო ქსელი ააშენა. მან ბოლო წლების პროექტების მეშვეობით, რუსეთთან მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარა, მათ შორის, მოსკოვის მეტროს სისტემის გაფართოებით, რომელიც 2021 წელს დასრულდა. ამერიკულმა გამოცემამ კომენტარისთვის ჩინურ კომპანიას მიმართა, თუმცა მათ საუბარი არ ისურვეს. დოკუმენტებში კონსორციუმის გენერალურ დირექტორად რუსი ბიზნესმენი, ვლადიმერ კალიუჟნია დასახელებული.


„რუსეთი აგრძელებს სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც 2014 წლიდან იყო ოკუპირებული ან გასული წლის შეჭრის შემდეგ. ბოლოდროინდელმა სატელიტურმა სურათებმა გამოავლინა ახალი მონაკვეთები აზოვის ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ, ეს არის ოკუპირებული სახმელეთო მარშრუტის ნაწილი, რომელიც ასევე აკავშირებს რუსეთს ყირიმთან. მშენებლობაში ჩართულნი არიან კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულია არკადი როტენბერგთან, პუტინის ბავშვობის მეგობართან, რომელმაც უზარმაზარი სიმდიდრე დააგროვა კრემლის მიერ მხარდაჭერილი პროექტებით, მათ შორის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისას სოჭში. მისი სამშენებლო კომპანია Stroygazmontazh ასევე მსახურობდა ქერჩის ხიდზე როგორც წამყვანი კონტრაქტორი. 71 წლის ოლიგარქი სანქცირებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ,“ - წერს Washington Post-ი.