წითელი ჯვრის განცხადებით, „ჰამასმა“ 24 მძევალი გაათავისუფლა - BBC

წითელი ჯვრის განცხადებით, „ჰამასმა“ 24 მძევალი გაათავისუფლა, რომლებიც ეგვიპტეში რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით გადაიყვანეს. მას დეტალები არ დაუსახელებია, მაგრამ კატარმა განაცხადა, რომ ჯგუფში ისრაელის 13 მოქალაქე, 10 ტაილანდელი და ერთი ფილიპინელი შედიოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.


კატარი შუამავლობდა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმებას, რომელიც ისრაელის ციხიდან 39 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებდა. შეთანხმების პირობების თანახმად, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დროს ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი და 150 პალესტინელი პატიმარი უნდა გათავისუფლდნენ.

ღაზის სექტოში ასევე დაიშვება უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარება.