საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე განცხადების გამო, ფაშინიანს გაგლოევის შემდეგ, ბჟანიაც აკრიტიკებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეიდენტი ასლან ბჟანია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე განცხადების გამო, ფაშინიანს აკრიტიკებს.

მისი თქმით, სომხეთის რესპუბლიკის დღევანდელი ხელმძღვანელობა, დასავლეთის გავლენით, აკეთებს განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხის მიერ არჩეულ გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარების უფლების შესახებ.


„თავის ბოლო განცხადებაში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ცალსახად დაუჭირა მხარი „საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას“, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის ფაქტს. ამასთან დაკავშირებით, საჭიროდ მიგვაჩნია, შევახსენოთ პრემიერ ფაშინიანს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა პატივს სცემს მთელ სომეხ ხალხს, რომლის ნაწილმაც საკუთარი წვლილი შეიტანა აფხაზეთში წარსულში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების მიმდინარეობისას. დღეს სომხური თემი აფხაზეთში წარმოდგენილია ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ სტრუქტურებში, სომხური ენა და კულტურა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილია, თავისუფლად ფუნქციონირებს სომხური ეკლესიის სტრუქტურები.

აფხაზეთში სომხებს აქვს ყველაფერი ის, რისი გარანტიებიც ვერ მისცა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღის სომხებს, რომლებიც მის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად სახელმწიფოებრიობის ნგრევისა და სამშობლოს მასობრივად დატოვების ტრაგედიის პირისპირ აღმოჩდნენ. მოვუწოდებთ სომხეთის ხელისუფლებას, უარი თქვას ინდოქტრინირებული რიტორიკისგან და საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარმოებისას ფაქტიური მდგომარეობა გაითვალისწინოს,” ნათქვამია ბჟანიას განცხადებაში.

უფრო ადრე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უღალატა თავის ხალხს და სამხრეთ ოსეთის ხალხს მისი აზრი არ აინტერესებს.