აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი: სამმხრივი შეხვედრები ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობას

სამმხრივი შეხვედრები ტრადიციად იქცა და ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან იაშარ გიულერთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრისას.

სახელმწიფოს მეთაურების ტრადიციული შეხვედრების გათვალისწინებით, ჩვენი ვალია, განვავითაროთ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. მივესალმები თითოეულ თქვენგანს. მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა წელს ბაქოში იმართება,“ - განაცხადა აეტრბაიჯანელმა მინისტრმა.


27 ნოემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ბაქოში ორმხრივი შეხვედრა გამართეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, გაიმართა აზრთა დეტალური გაცვლა ერთობლივი წვრთნების ინტენსივობის გაზრდის შესახებ.

„ხაზი გაესვა საერთაშორისო დონეზე აღიარებული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ასევე სხვა ორმხრივი ინტერესის საკითხები,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.