ორშაბათს ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების - გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვის, იაშარ გიულერისა და ჯუანშერ ბურჭულაძის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. თურქეთის გიულერი უკვე ჩავიდა ბაქოში. მინისტრები სამ ქვეყანას შორის სამხედრო და თავდაცვის თანამშრომლობის მომავალზე, ერთობლივ წვრთნებზე და სხვა საკითხებზე ისაუბრებენ. ბოლო სამმხრივი შეხვედრა თურქეთის ქალაქ ყარსში მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა.
შეგახსენებთ, საქართველოსა და აზერბაიჯანს სამხედრო მრეწველობისა და საჰაერო თავდაცვის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება სურთ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ.
გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მჭიდრო პარტნიორობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის ოქტომბერში თურქეთში გაიმართა წვრთნები, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც მონაწილეობდა.