სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი კოლეგებთან შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მასპინძელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრა თურქეთის ეროვნულ თავდაცვის მინისტრთან, გენერალ იაშარ გიულერთან გამართა.
„კოლეგასთან საუბრისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქეთის მხარეს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარებისთვის, ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის ჩართულობა, მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება ხაზგასმით აღნიშნა.
შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების გამოწვევები და მზარდი საფრთხეები წარმოადგენდა. საუბარი შეეხო NATO-სთან თანამშრომლობის, სამხედრო განათლებისა და ერთობლივი სამხედრო სწავლებების საკითხებსაც.
სამმხრივ მინისტერიალს ქვეყნები როტაციის პრინციპით მასპინძლობენ. მომავალ წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრები საქართველოში ჩატარდება“, აღნიშნულია ინფორმაციაში.