მიუღებელია ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა, გაამწვავოს სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში - აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა განაცხადა, რომ რეგიონის გარეთ მყოფი ქვეყნების მცდელობები სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის გამწვავებისთვის, მიღებელია.


ამის შესახებ მან ბაქოში თურქეთის თავდაცვის მინისტრ იაშარ გიულერთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს შეხვედრა იყო აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს შორის სტრატეგიულ დონეზე დიალოგის ნათელი მაგალითი. დისკუსიების დროს ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობას.


„ჩვენ განვაცხადეთ, რომ რეგიონის გარეთ არსებული ქვეყნების მცდელობები, რომლებიც მიმართულია რეგიონში სიტუაციის გამწვავებისკენ, მიუღებელია. კიდევ ერთხელ აღინიშნა კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებზე, კერძოდ, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოთა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობა,“ - აღნიშნა ჰასანოვმა.

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა დღეს ბაქოში გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და რიგი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონულ უსაფრთხოებას.