რას პასუხობს ბაქოს პროტესტს ო'ბრაიენი და განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში

განიხილება თუ არა სამხრეთ კავკასიის საკითხი ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებზე, ამ თემით დაინტერესდა მედია ჯეიმს ო'ბრაიენთან საუბრისას. ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ცოტა ხნის წინ გამართა შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან - ამ ფონზე, მედიამ ამერიკელ მაღალჩინოსანს ჰკითხა, კარგად ესმის თუ არა ბაქოს ის განსხვავებები, რომლებიც აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის არსებობს.


„ჩვენ ვხედავთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარების რეალურ შესაძლებლობას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ორივე მხარე ესაუბრება ერთმანეთს პირდაპირ და შუამავლების ჩართულობით. ამით ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას და სარგელებს მთელი რეგიონისთვის. მაგალითად, თუ ცენტრალური აზიიდან ვაჭრობა მოხდება აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით თურქეთში, ეს იქნება არსებითი სტიმული ამ სავაჭრო მარშრუტზე მყოფი ყველა ქვეყნისთვის. და ჩვენ მივესალმებით შესაძლებლობას, ვიყოთ ამის ნაწილი. ამავდროულად, თუ მიიღება გადაწყვეტილება, რომ არ განხორციელდეს ეს მშვიდობიანი გზით, მაშინ ჩვენ მოგვიწევს ყველანაირი ინსტრუმენტების გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი სავაჭრო მარშრუტის შექმნა. ამდენად, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ მხარეებთან და ჩვენ მოუთმენლად ველით, რას გადაწყვეტენ მხარეები. ჩვენ ვიცით, რომ მათ გამოთქვეს ინტერესი სამშვიდობო შეთანხმების ძალიან მალე დადების შესახებ და ჩვენ სიამოვნებით ვიხილავდით ამას,“ - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.


ო'ბრაიენმა მანამდე განაცხადა, რომ მაღალი დონის კონტაქტების დროს, აშშ არაერთხელ ხაზს უსვამდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება მიუღებელია. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამზადებს „ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე“ ანგარიშს მთიან ყარაბაღში მომხდარის შესახებ.


შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა.

  • „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“