ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.


„უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად რუსეთის დელეგაციის დასწრება ეუთოს მინისტერიალზე გააღრმავებს კრიზისს, რომელშიც ეუთო რუსეთმა შეიყვანა“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. რუსეთი ძირს უთხრის ეუთოს, რასაც ამ ორგანიზაციაში მოქმედი კონსენსუსის წესის ბოროტად გამოყენებით ახერხებს.

რუსეთი შანტაჟისა და ღია მუქარის გამოყენებით, სისტემატურად ბლოკავს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. 2024 წელს ეუთო-ს თავმჯდომარედ ესტონეთის კანდიდატურის დაბლოკვა რუსეთის მხრიდან წესების ბოროტად გამოყენების კიდევ ერთი მაგალითი გახდა. ამას გარდა, რუსეთს, უკვე 500 დღეა, უკანონოდ ჰყავს დაკავებული ეუთოს სამი უკრაინელი თანამშრომელი. ამრიგად, რუსეთმა შექმნა ეგზისტენციალური კრიზისი ეუთო-ში და ორგანიზაცია საკუთარი აგრესიის მძევლად გადააქცია,“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ბულგარეთმა სკოპიეში გასამართ ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად სერგეი ლავროვის თვითმფრინავს თავისი საჰაერო სივრცის გავლის უფლება მისცა.