კარპენტერი USAID-ის მიმართ პრეტენზიებზე: ჩვენ მტკიცედ ვიცავთ სამოქალაქო საზოგადოებას და მის უფლებას

აშშ-ის ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა უპასუხა შეკითხვას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიმართ არსებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც აღნიშნა, რომ ეუთო მტკიცედ იცავს სამოქალაქო საზოგადოებას და მის უფლებას, გამოთქვას და გამოხატოს თავისი აზრი. მან ხაზი გაუსვა, რომ ეუთოს მონაწილე ყველა სახელმწიფოში არსებობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მაგალითად ასევე მოიყვანა რუსეთი და ბელორუსი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდი პრობლემები ექმნებათ, აქედან გამომდინარე კარპენტერმა მათი მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.


„თავდასხმები ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ეუთოს რეგიონის მასშტაბით - რა თქმა უნდა, რუსეთიდან მოდის, მაგრამ ეს ასევე აისახება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, საქართველო, აზერბაიჯანი, განსაკუთრებით USAID-ის მიმართ. როგორია თქვენი რეაქცია ამ საკითხზე? - მიმართეს კარპენტერს ონლაინ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ მტკიცედ ვიცავთ სამოქალაქო საზოგადოებას და მის უფლებას, გამოთქვას და გამოხატოს თავისი აზრი, მიუხედავად, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნებისა. ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფოში არსებობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, უკვე ზედიზედ ორი წელია, ვატარებთ ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ კონფერენციას. ეს არის ვარშავის კონფერენცია, რომელიც ყოველ შემოდგომაზე იმართება. წელს, დაახლოებით 1,500 სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი მოვიწვიეთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას მიეცეს უფლება, გააგრძელოს მუშაობა ყველგან ეუთოს რეგიონში და რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ასევე იყოს ძლიერი ხმა სამოქალაქო საზოგადოებისა და მათი ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდასაჭერად,“ - განაცხადა კარპენტერმა.


ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი, ჰიქმეთ ჰაჯიევი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს აკრიტიკებს. ალიევის ადმინისტრაციის კრიტიკა მოჰყვა სამანტა პაუერის განცხადებას, როდესაც აშშ-ის მიერ მთიანი-ყარაბაღიდან დევნილებისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციამ 100 ათასი ადამიანი ყარაბაღიდან სომხეთში დევნილად აქცია. ჰაჯიევმა აღნიშნა, რომ USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარ არის.


რაც შეეხება საქართველოს, ამერიკული მხარის მხრიდან USAID-ის საქმიანობაზე არაერთი განმარტება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, რომლის დროსაც, არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა.