ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა გახდნენ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა გახდნენ. შესაბამის ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2021 წელს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ეკატერინე მიქაბაძისა და ეკატერინე გალდავას კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტმა 7 წლის ვადით მხარი დაუჭირა.


„საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობამდე ეკატერინე მიქაბაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ის ეკონომიკური ანალიზისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებას უძღვებოდა. მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებას ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. მანამდე კი, მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტში. მუშაობდა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში.


ეკატერინე გალდავას მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და მონეტარული ოპერაციების დეპარტამენტში, იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი. ასევე, მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის საქართველოს ოფისში. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობამდე ეკატერინე გალდავას სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაში მაღალი პოზიციები ეკავა.


ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს ეროვნული ბანკის საბჭო. საბჭოს წევრებს კი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი შვიდი წლის ვადით ირჩევს. ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭო 6 წევრისგან შედგება,“ - წერია ინფორმაციაში.