ამერიკელმა სენატორებმა 28 ნოემბერს წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც რუსი ოლიგარქების აქტივების კონფისკაციას და მისი უკრაინის აღდგენისთვის გამოყენებას ისახავს მიზნად.
კანონი შესაძლებელს ხდის, რუსი ოლიგარქებს ქონება უფრო სწრაფად ჩამოერთვას და უკრაინას გადაეცეს მათი პირადი თვითმფრინავები, იახტები და სხვა მაღალი ღირებულების აქტივები.
„პუტინი და მისი ოლიგარქი თანამოაზრეები ათეთრებენ თავიანთ ბინძურ ფულს სუპერ იახტების, ფასდაუდებელი ნამუშევრების და სხვა მაღალი ღირებულების აქტივების შეძენით. ჩვენ უნდა დავხუროთ ოლიგარქების სიმდიდრის ეს წყაროები და დავსაჯოთ პუტინის მხარდამჭერები,“ - განაცხადა სენატორმა უაითჰაუსმა.
მისი თქმით, ამ ორპარტიული კანონპროექტის დასრულება ბაიდენის ადმინისტრაციას მისცემს ინსტრუმენტებს, რომლებიც მას სჭირდება ოლიგარქების უკანონოდ შეძენილი აქტივების უფრო სწრაფად ჩამორთმევისა და უკრაინის მხარდასაჭერად მათი გადაცემისთვის.
„ომის დამნაშავე პუტინის ოლიგარქებმა დიდი როლი ითამაშეს უკრაინელების მასობრივი მკვლელობის დაფინანსებაში. პუტინი და მისი ახლო წრე პასუხისმგებელნი იქნებიან იმ სიკვდილისა და ნგრევისთვის, რაც მათ გამოიწვიეს,“ - განაცხადა კონგრესმენმა უილსონმა.
ამერიკელი კანონმდებლების შეფასებით, რუსმა ოლიგარქებმა დიდი როლი ითამაშეს რუსული აგრესიის დაფინანსებაში, ხოლო პუტინის რეჟიმთან ალიანსისგან პირადად სარგებლობდნენ. კანონმდებლობა უკრაინას ოლიგარქების უკანონოდ შეძენილი აქტივების ჩამორთმევისა და ასეთი შემოსავლების უკრაინაში გადაცემის გზით დაეხმარება.