წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციამ ბელარუსის წითელ ჯვარს ორგანიზაციის წევრობა შეუჩერა. ფედერაციის პრესრელიზში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება მათ მიიღეს ბელარუსის წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის, დმიტრი შევცოვის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო.
საერთაშორისო ფედერაციის განმარტებით, ორგანიზაციის გამგეობამ შევცოვის თანამდებობიდან გადაყენება მის მიმართ არსებული ბრალდებების გამოძიების შემდგომ მოითხოვა.
ეს ბრალდებები უკავშირდება მის განცხადებებს, ბირთვული იარაღის საკითხზე, უკრაინელი ბავშვების ბელარუსში გადაყვანის ფაქტებზე, ასევე მის ვიზიტზე ლუგანსკსა და დონეცკში.
გამოცემა „მედუზას“ ცნობით, შევცოვმა საერთაშორისო წითელი ჯვრის გადაწყვეტილებას „აბსოლუტურად პოლიტიზებული“ უწოდა.
„ბელორუსის წითელი ჯვარი დაიბრუნებს თავის პოზიციას, თუ შესრულდება საბჭოს გადაწყვეტილება,“ - ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის პრესრელიზში.