აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო პროგრამის 18 რეზიდენტს კურსის დამთავრება მიულოცა. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
„ჯანდაცვის პროფესიონალების გაძლიერება სიცოცხლის გადარჩენაში გვეხმარება. ელჩმა დანიგანმა ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო პროგრამის 18 რეზიდენტს კურსის დამთავრება მიულოცა.
ეს პროფესიონალები მზად არიან დაავადებათა პრევენციის, მათ გავრცელებაზე რეაგირებისა და სხვა გადაუდებელ სიტუაციებზე საპასუხოდ, რაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და გლობალური ფონდის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.
საქართველო აშშ-ის ინტენსიური მხარდაჭერის ქვეყანაა ჯანდაცვის უსაფრთხოების კუთხით და სიამაყით ვუჭერთ მხარს მის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.