უკრაინამ უსაფრთხოების მომავალ ვალდებულებთან დაკავშირებით, ევროკავშირთან კონსულტაციები დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კონსულტაციების პირველი რაუნდი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ევროპული საგარეო მოქმედებების სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, შარლ ფრისთან დაიწყო.
კონსულტაციების დროს მხარეებმა ევროკავშირის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიების მიმართ ხედვები გაცვალეს და აქცენტი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე გააკეთეს.
იგორ ჟოვკვამ აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება თავისთავად იქნება უკრაინისა და მთლიანად ევროპული საზოგადოების უსაფრთხოების მძლავრი გარანტია.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა 13 ნოემბერს განაცხადა, რომ დეკემბერში ევროკავშირი კიევში მისიას გაგზავნის, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების ვალდებულებების შესახებ ევროკავშირის წინადადებებს წარადგენს.
11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ.
უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას ამ დრომდე 30-მდე ქვეყანა შეუერთდა.
G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს.
უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, კანადასთან და სხვა ევროპულ ქვეყნებთან, მათ შორის, იტალიასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.