სამშაბათს აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტმა გამოაცხადა სანქციები ბელორუსში 11 სუბიექტისა და რვა ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ რეპრესიებში, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის კორუფციულ ფინანსურ გამდიდრებაში და რუსეთის მიერ წარმოებულ ომში უკრაინის წინააღმდეგ. სანქციების სიაში მოხსენიებულია ბელორუსის წითელი ჯვრის გენერალური მდივანი, დიმიტრი შევცოვი, რომელმაც აღიარა მონაწილეობა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში და რის გამოც ბელორუსის წევრობა საერთაშორისო წითელ ჯვარში შეჩერდა.
ლუკაშენკოს ოჯახის გამდიდრებაში ჩართულ პირთა შორის აშშ ასახელებს ოლიგარქს ალექსანდრე შაკუტინს და მის Amkodor ჰოლდინგს, რომელიც გეგმავს თვითმფრინავების და საარტილერიო სისტემების წარმოებას, ოლიგარქებს პაველ ტოპუზიდისს და ვიქტორ პეტროვიჩს, რომლებიც ერთობლივად ფლობენ შპს Tabak Invest-ს, თამბაქოს წამყვან მწარმოებელს ბელორუსში.
ბელორუსის რეჟიმის სხვა „საფულეებს“ შორის მოხსენიებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბელორუსული ცემენტის კომპანია, ხე-ტყის კონცერნი Bellesbumprom და ლოგისტიკური მიმწოდებელი Beltamozhservice და მისი გენერალური დირექტორი ვადიმ ბაბარიკინი.
ბელორუსის თავდაცვის სექტორში, ვავილოვის სახელობის მინსკის მექანიკური ქარხანა, რომელიც აწარმოებს ოპტიკურ სამიზნეებს, და მის გენერალურ დირექტორს ალექსანდრე მოროზს; ასევე OJSC Zenit BelOMO-ს, რომელიც ასევე სამხედრო სექტორში საქმიანობს.
ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს.
ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა.
შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ.
გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც.
2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.