ნათია თურნავა: განუხრელად ვასრულებთ საერთაშორისო სანქციებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განაცხადა, რომ სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა. თურნავას თქმით, “ამის არანაირი დასტური არ არსებობს.“

„საქართველო არასდროს იქცევა საერთაშორისო სანქციების თავის არიდების სივრცედ. ჩვენი საფინანსო სისტემა სრულად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს და სანქციების დარღვევის არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ დაფიქსირებულა, არ მომხდარა და ჩვენც ამ მიმართულებით ვაკონტროლებთ საფინანსო სისტემას.


არის თუ არა სანქციების აღსრულების წესის დაახლოება და შესაბამისობაში მოყვანა ადგილობრივ კანონმდებლობასთან რაიმე დამატებითი რისკის შემქმნელი? - არამც და არამც და პირიქით, რაც უფრო თანხვედრაში იქნება ჩვენი საერთაშორისო პრაქტიკა და ვალდებულებების აღსრულება ადგილობრივ კანონმდებლობასთან, მით უფრო ნაკლებია რისკები სანქციების აღსრულების პროცესში, მით უფრო ნაკლებია შემდგომი სასამართლოში მოდავების რისკები და მე ვფიქრობ, რომ პირიქით, ძალიან ბევრი რისკის ადრესირება მოხდა ამ თვალსაზრისით. ჩვენი საფინანსო სისტემა განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს.

შეკითხვები იყო ბატონ ფარცხალაძესთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ არარეზიდენტთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების წესი ცნობილია, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს - მე ვერ გავაკეთებ აქ განცხადებას, არსებობს საბანკო კონფიდენციალურობა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი სანქციების გვერდის არიდება და დარღვევის ფაქტი არ მომხდარა. ამის არანაირი დასტური არ არსებობს, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია,” - განაცხადა თურნავამ.


შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“