უკრაინის დახმარების დაბლოკვის შემდეგ, ბაიდენი რესპუბლიკელებს შანტაჟში ადანაშაულებს: ფსონები ძალიან მაღალია

სენატში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელების მუქარას იმის შესახებ, რომ მიკერძოებული სასაზღვრო პოლიტიკის მხარდაჭერის გარეშე უკრაინის დახმარება შეწყდება, პოლიტიკური შანტაჟი უწოდა. სენატში უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების დაბლოკვის გადაწყვეტილებას მან გამაოგნებელი" და საშიში უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე ასევე განაცხადა, რომ მზადაა, მნიშვნელოვან კომპრომისზე წავიდეს.

„თუ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს უკრაინას, რას აპირებს დანარჩენი მსოფლიო? იკითხა ბაიდენმა.

მისი შეფასებით, „რესპუბლიკელები“ მზად არიან, დააჩოქონ უკრაინას ბრძოლის ველზე და ამ პროცესში ზიანი მიაყენონ ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას.“

„კონგრესში რესპუბლიკელები იმუქრებიან, რომ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას, თუ ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი უკიდურესი პარტიზანული სასაზღვრო პოლიტიკის გატარებას. ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, სუფთად და მარტივად. ფსონები ძალიან მაღალია და შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კუთხით,“ - წერს ბაიდენი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).


კენჭისყრამდე კი, ბაიდენი ამბობდა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ გაჩერდება და საბოლოოდ, ამერიკელ ჯარისკაცებს რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევთ.

„ცოტა ხნის წინ “დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან შეხვედრა გავმართე და ამ საკითხს განვიხილავდით. ყველა ევროპელი ლიდერი, ჩვენ ყველანი მზად ვართ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ. ვინ არის შეერთებულ შტატებში მზად, რომ უარი თქვას ამაზე?

მე არ ვარ მზად და არ მგონია, ამერიკელი ხალხიც მზად იყოს. თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ გაჩერდება. მნიშვნელოვანია აქ გრძელვადიან პერსპექტივაში ხედვა. ის აპირებს გააგრძელოს.

მან ეს საკმაოდ ნათლად განაცხადა. თუ პუტინი გააგრძელებს და შემდეგ თავს დაესხმება NATO-ს მოკავშირეს - ჩვენ, როგორც NATO-ს წევრი, ვალდებულნი ვართ, დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. მაშინ ჩვენ გვექნება ის, რისკენაც არ ვისწრაფვით და რაც დღეს არ გვაქვს : ამერიკული ჯარები იბრძოლებენ რუსული ჯარების წინააღმდეგ,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.


რას ითხოვენ რესპუბლიკელები

რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის მხარდაჭერას არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას უკავშირებენ. რესპუბლიკელები საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.


კომპრომისის მისაღწევად სენატში კონსულტაციები გაგრძელდება. მედია წერს, რომ სენატში შეთანხმების შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს რესპუბლიკელებისგან კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობა ელის კონგრესის ქვედა - წარმომადგენელთა პალატაში. ამასთან, აშშ-ში საშობაო არდადეგები ახლოვდება.


ცნობისთვის, რამდენიმე დღეა, ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის დელეგაცია. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა კონგრესს მოუწოდა, აღარ გადადოს უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რადგან ეს რუსეთთან ომში დამარცხების საფრთხეს ქმნის.


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“.


კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი.


პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.

პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.