აშშ-ის მისია ჟენევაში: ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, ასევე, დაუშვას შეუზღუდავი წვდომა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე. აშშ ასევე მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს თავისი სხვა ვალდებულებები, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო უსაფრთხოების ზომებისთვის ხელის არშეშლას. საერთაშორისო უსაფრთხოების ზომებისთვის ხელის არშეშლას. აშშ-ის მისიის მიერ გავრცელებული ეს განცხადება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 59-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გავრცელდა.


„რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, ისევე, როგორც რუსეთის მიმდინარე ბორდერიზაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული. შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს დიდი ხნის ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა კონფლიქტის მოსაგვარებლად,“ – წერია განცხადებაში.

მისივე თანახმად, რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გვახსენებს, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოში არ არის იზოლირებული.


„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რომელიც 2008 წლიდან გრძელდება. რუსეთი საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარეა, რომელიც ამჟამად განალაგებს თავის ძალებს სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაეროს წესდების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით. ამ დარღვევებს მოჰყვა საქართველოს მოქალაქის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საკუთარი ქვეყნის შიგნით გადაადგილების გამო. ვუსამძიმრებთ თამაზ გინტურის ოჯახს და ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი,“ – აღნიშნულია განცხადებაში.


ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით ჟენევაში იმყოფება, სადაც ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი მიმდინარეობდა.

დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად ამოქმედდა.

მას შემდეგ წელიწადში 4 რაუნდი ტარდება. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.


გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამ ფორმატის ყველა მონაწილე ინდივიდუალური სტატუსით არის წარმოდგენილი.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. პირველ ფორმატში განიხილება უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორე ფორმატში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).