თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო: 1-ელი მარტიდან სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ სოციალური პროექტი შეწყდება

1-ელი მარტიდან, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის სოციალური პროექტი შეწყდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.

"თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო ყველა სააღმზრდელო დაწესებულების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის ჯანმრთელობა და ბაგა-ბაღების შეუფერხებელი ფუნქციონირება.

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ Covid 19-ის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად. შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში.

სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, შეწყდება სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები გაიცემა.თბილისში ამჟამად, 185 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი მარტიდან საბავშვო ბაღებში სწავლა აღდგება.