USAID საქართველოში 35-ზე მეტ პროგრამას უჭერს მხარს. აშშ-ის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მათი მიზანია, გააძლიერონ მავნე ზეგავლენის მიმართ ქვეყნის მედეგობა, დემოკრატიული მიღწევები, უზრუნველყონ მაღალანაზღაურებადი დასაქმება და ეკონომიკური ზრდა.
პროგრამებს შორისაა ახალგაზრდობის მიერ წარმართული სამოქალაქო დიალოგის ინიციატივა
პროგრამას ახორციელებს - International Alert
„პროგრამა სამოქალაქო აქტივობებში ჩართვით ხელს უწყობს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების ახალგაზრდების გაძლიერებას, ხელს უწყობს “ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის“ (საოკუპაციო ხაზი, რედ.) გასწვრივ სამოქალაქო საზოგადოების გამრავალფეროვნებასა და ურთიერთობის ნორმალიზაციას.
პროექტი მუშაობს იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღადგინონ ურთიერთობა კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის. დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს მომავლის სამოქალაქო ლიდერების უზრუნველყოფას იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც გაარღვევს კონფლიქტთან დაკავშირებულ ნარატივს და უზრუნველყოფს უკეთეს მომავალს მათი საზოგადოებებისათვის,“ წერს USAID მიმდინარე პროექტების ნუსხაში.
კიდევ ერთი პროგრამაა - განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისათვის
პროგრამას ახორციელებს - კულტურულ -ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
„განხეთქილების დაძლევის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს კონფლიქტების მოგვარებას სამიზნე ჯგუფების წევრებს (ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოების, მეწარმეების და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს) შორის ურთიერთობების წახალისებით.
პროგრამის აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას, კერძო სექტორის თანამშროლობასა, კავშირების დამყარებას და ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებთან წვდომას. პროგრამა მოიცავს ოთხ ძირითად კომპონენტს: 1) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ქალთა საინიციატივო ჯგუფების თანამშრომლობას; 2) კონფლიქტის გადაჭრის აქტივობებში ახალგაზრდების ჩართვას აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან; 3) ეკონომიკის განვითარებას „ადმინისტრაციულ გამოყოფ ხაზთან.“(საოკუპაციო ხაზი, რედ.) 4) ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებთან წვდომას,“ ნათქვამია აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მისივე ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციში.
ცნობისთვის, USAID საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს. ამ დროიდან USAID-ის საშუალებით 1,9 მილიარდი დოლარის დახმარება გაეწია საქართველოს. ამჟამად, USAID ინვესტირებას ახორციელებს 39 პროგრამაში, რომელთა საერთო ღირებულება 373 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო წლიური ბიუჯეტი 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.