გერმანიის მმართველმა პარტიამ რუსეთთან მიმართებით ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაშვებული შეცდომები აღიარა

გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია შეცდომას უწოდებს რუსეთის მიმართ თავის წინა პოლიტიკას.

პარტიის ლიდერმა ლარს კლინგბაილმა განაცხადა, რომ “შეცდომა იყო პუტინის სისტემისგან უფრო ადრე არდისტანცირება.”


ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატების ფრაქციის თავმჯდომარემ, როლფ მიუტცენიხმა აღიარა, რომ სრულფასოვნად ვერ შეაფასა პუტინის იმპერიალისტური აზროვნება.

„რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, გვიჩვენებს, რომ ჩვენ ყოველთვის სწორად არ ვაფასებდით ბოლო წლების მოვლენეს,“ -  ნათქვამია პარტიის გამგეობის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტში.


დოკუმენტი შეცდომად აღიარებს იმ ვარაუდისადმი მიმხრობასაც, რომ ეკონომიკური კავშირების გაძლიერება რუსეთს დემოკრატიზაციას შეუწყობდა ხელს. ხსენებულმა პოლიტიკამ ის გამოიწვია, რომ გერმანია „ცალმხრივად დამოკიდებული გახდა რუსეთზე ენერგეტიკული პოლიტიკის მხრივ.“


„ვიდრე რუსეთი სუვერენული სახელმწიფოების დაპყრობისა და ჩახშობის თავის იმპერიალისტურ პოლიტიკას მისდევს, არ შეიძლება რუსეთთან ურთიერთობების არანაირი ნორმალიზება. ვიდრე რუსეთში ფუნდამენტალურად არ შეიცვლება რამე, რუსეთის წინააღმდეგ ევროპის უსაფრთხოება ორგანიზებული უნდა იყოს,” - აღნიშნავს მმართველი პარტია.

პარტიის კონგრესზე გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2022 წელს უკრაინაზე თავდასხმით მთლიანად გაანადგურა ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ ურთიერთგაგება.


„ევროპაში საზღვრები ძალით ვეღარ შეიცვლება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომი დაიწყო, გერმანიის სოციალ-დემოკრატებს ადანაშაულებდნენ მოსკოვის მიერ წარმოქმნილი უსაფრთხოების საფრთხის ვერშეფასებასა და უკრანისადმი დახმარებასთან დაკავშირებით ყოყმანში. ახლა გერმანია კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მხრივ, მეორე ადგილზეა.

  • გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 9 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად უნდა იყოს უკრაინისადმი მხარდაჭერის გასაფართოებლად, “როდესაც სხვები ყოყმანობენ.“

გასულ თვეში, გერმანია დამატებით, კიდევ 1,3 მილიარდი ევროს (1,42 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარებას დაჰპირდა უკრაინას, როდესაც კიევს თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი ეწვია.