გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს – NDI

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ კვლევით, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტითაა გაზრდილი.

კითხვას, როგორ შეაფასებთ არსებული მთავრობის საქმიანობას, 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, კარგად 54% აფასებს, მაშინ როდესაც, მარტის თვეში იმავე კითხვაზე დადებითი პასუხი 43-მა პროცენტმა გასცა. ოქტომბრის მონაცემებით, მთავრობის საქმიანობა ცუდად 38%-მა შეაფასა, მარტის მონაცემებით კი გამოკითხულთა 43 პროცენტი აფასებდა მთავრობის მუშაობას ცუდად.


ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მთავრობის შეფასება ყველაზე მაღალი მცირე ტიპის დასახლებებშია. შესაბამისად, მთავრობის საქმიანობით ყველაზე უკმაყოფილოები თბილისის მცხოვრებლები არიან, სადაც მთავრობის მუშაობას კარგად 41% აფასებს, ცუდად კი - 49%, მთავრობის მუშაობას ყველაზე კარგი შეფასება სოფელსა და უმცირესობების დასახლებებშია, სადაც შესაბამისად, კარგი შეფასება 60%-მა და 68%-მა მისცა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერთა მესამედი და გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ნახევარი მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს.

რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, მთავრობის მუშაობას ყველაზე კარგად 35-54 წლის ასაკობრივ კატეგორიებში აფასებენ, სადაც კითხვაზე პასუხს თუ როგორ მუშაობს მთავრობა, პასუხად: „კარგად“ 55%-მა გასცა, 18-34 ასაკობრივ კატეგორიაში პროცენტული მაჩვენებელი 52%-ს შეადგენს.


როგორც „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში“ განმარტავენ, მთავრობის საქმიანობის დადებითმა შეფასებამ ყველაზე მეტად სოფლებში, ახალგაზრდებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში მოიმატა.

კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI- ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid- ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.