ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაღის სასახლეში მიიღო მიიღო.
დახვედრის ცერემონიალის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს.
ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტი ქართველი კოლეგის მიღებით გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი და სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს იმ პოლიტიკოსად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თავის ქვეყანაში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციაში.
ცნობისთვის, 12 დეკემბერს ევროკავშირის მინისტერიალმა, 14-15 დეკემბერს კი, ევროპულმა საბჭომ უნდა დაადასტუროს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საბოლოო გადაწყვეტილება.
როგორც ცნობილია, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“
ცნობისთვის, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.
პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა.
10-11 ნოემბერს, ზურაბიშვილი პარიზში იმყოფებოდა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით "მშვიდობის ფორუმში" მონაწილეობდა და სიტყვით გამოვიდა. მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მთავრობისგან ვიზიტზე თანხმობა არ მოუთხოვია. კონსტიტუციის მიხედვით, ამავე საფუძვლით პარლამენტი იმპიჩმენტის პროცედურას ვერ დაიწყებს.