ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გააკრიტიკა უნგრეთის პოზიცია უკრაინის მიმართ და მას „იდეოლოგიების შეჯახება" უწოდა. მისი შეფასებით, უნგრეთი ეწინააღმდეგებიან ევროპას და ყველაფერს, რასაც ევროპა იცავს. ვფიქრობ, ეს არის იდეოლოგიების შეჯახება მათ შორის, ვისაც სურს ევროპა იყოს ძლიერი და ვისაც საერთოდ არ უნდა ევროკავშირი, ასე რომ, თუ ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები, მე არ ჩავუღრმავდები ამ საკითხს,“ - აღნიშნა ლანდსბერგისმა.
ლიეტუველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მხარდაჭერაზე თუ ვერ შევთანხმდებით, ეს გავლენას მოახდენს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზე.
„ჩვენ, ალბათ, პირველად ვიკრიბებით, რათა ვისაუბროთ უკრაინაზე და ვნახოთ, რამდენად შორს შეგვიძლია, წავიდეთ - რამდენ ხანსაც დასჭირდება. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერაზე თითქმის ორი წელია, ვსაუბრობთ და ამდენივე ხანია, მათ დახმარებას ვთავაზობთ. ბევრ ჩვენგანს დაუსვამს შეკითხვა, რას ნიშნავს ეს. ნიშნავს თუ არა ეს უკრაინის გამარჯვებას? ეს რაიმე სხვა ტაქტიკურ მიზანს გულისხმობს? როგორც ჩანს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ შეთანხმებას იმდენ ხანს, რამდენიც კიევისთვის იქნება საჭირო.
და ცხადია, ძალიან სერიოზული შედეგები გვექნება, თუ ამას ვერ შევძლებთ. უპირველეს ყოვლისა, უკრაინაში და არამარტო იქ, არამედ, სხვაგანაც. ეს გავლენას მოახდენს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებზე, როგორიც მაგალითად, ჩემი ქვეყანაა.
იქნება მრავალი რეგიონული და გლობალური ეფექტიც კი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივიღოთ სტრატეგიული გადაწყვეტილებები და საბოლოოდ ავიღოთ უკრაინის გამარჯვების ვალდებულება უკრაინის შესახებ ჩვენი დისკურსის ამ გადამწყვეტ მომენტში. თუ ეს არ გაკეთდება, ფასი გაცილებით მაღალი იქნება,“ - აღნიშნა ლანდსბერგისმა.
ნოემბრის ბოლოს უნგრეთმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გართულდა. ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს.
მან რამდენჯერმე დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებაც. ახლა გადამწყვეტი მომენტია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას ელოდება, რასაც უნგრეთი ასევე ეწინააღმდეგება. ევროკომისიამ უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს, საქართველოსთან მიმართებით კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. 14 და 15 დეკემბერს უნდა გადაწყვიტონ ლიდერებმა, მოვა თუ არა სისრულეში ევროკომისიის ეს რეკომენდაციები. მანამდე, დღეს, 11 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და წინასწარი კონტურები სწორედ დღეს უნდა გამოიკვეთოს.