კონგრესის სპიკერთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი, 2024 წელს გაგრძელდება.
„მადლობელი ვარ აშშ-ის კონგრესის ძლიერი ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერისთვის, რომელიც უკრაინისთვის უზრუნველყო რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ.
მე ვაცნობე სპიკერ ჯონსონს უკრაინის მიღწევების შესახებ, მათ შორის, რუსეთის მიერ 2022 წლიდან ოკუპირებული მიწის ნახევრის გათავისუფლების, შავი ზღვისთვის ბრძოლაში გამარჯვებისა და ქვეყნის რეფორმირების შესახებ, რათა ის მომავალში თვითკმარი გახდეს.
მადლობას ვუხდი სპიკერ ჯონსონს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის და ჩვენ იმედი გვაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან დახმარება გაგრძელდება 2024 წელს,“ ნათქვამია ზელენსკის Twitter-ზე განთავსებულ პოსტში.
თავის მხრივ, Wall Steet Journal-ის ცნობით, ჯონსონმა დღეს გაიმეორა, რომ მან არაერთხელ სცადა თეთრ სახლთან დაკავშირება იმის შესახებ, თუ რა სჭირდებოდა რესპუბლიკელთა მხარდაჭერის მოსაპოვებლად, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციამ უბრალოდ ყურადღება არ მიაქცია რესპუბლიკელთა შეშფოთებას. სხვა საკითხებთან ერთად, უფრო ცენტრისტი რესპუბლიკელები ცდილობდნენ სიცხადეს უკრაინაში გამარჯვების სტრატეგიაში და გარკვევას, მოიცავდა თუ არა გამარჯვება როგორც ყირიმის აღდგენას, რომელიც უკანონოდ ანექსირებულია რუსეთის მიერ 2014 წლიდან, ასევე დონბასის. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ თეთრ სახლს მსგავსი დეტალები არ მოუწოდებია.
ჯონსონმა თქვა, რომ მისი შეხვედრა ზელენსკისთან იყო "კარგი", მაგრამ მტკიცედ დარჩა თავის პოზიციაზე, რომ საზღვრის საკითხი უნდა იყოს მთავარი აქცენტი და მოითხოვა თეთრი სახლისგან მეტი სიცხადე უკრაინის სტრატეგიასთან დაკავშირებით.
ჯონსონი ამტკიცებს, რომ თეთრმა სახლმა ვერ შეძლო მკაფიო სტრატეგიის ჩამოყალიბება და ამ ეტაპზე ეს საკითხი სენატისა და თეთრი სახლის გადასაწყვეტია.
რას ითხოვენ რესპუბლიკელები
რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის მხარდაჭერას არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას უკავშირებენ. რესპუბლიკელები საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.
კომპრომისის მისაღწევად სენატში კონსულტაციები გაგრძელდება. მედია წერს, რომ სენატში შეთანხმების შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს რესპუბლიკელებისგან კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობა ელის კონგრესის ქვედა - წარმომადგენელთა პალატაში. ამასთან, აშშ-ში საშობაო არდადეგები ახლოვდება.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეა, ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავს უკრაინის დელეგაცია. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა კონგრესს მოუწოდა, აღარ გადადოს უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხის გადაწყვეტა, რადგან ეს რუსეთთან ომში დამარცხების საფრთხეს ქმნის.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი.
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.
პენტაგონის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.