ევროკავშირმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის მეორე ფაზის (AA Facility) წარმატებით დასრულება აღნიშნეს. ევროკავშირის შეფასებით, ეს “მნიშვნელოვანი მიღწევა იმ უდიდეს ძალისხმევას უსვამს ხაზს, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს მიერ 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შესახებ ხელშეკრულების უკეთ განხორციელების კუთხით იყო გაწეული.“
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ევროკავშირის მხარდაჭერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ხელშემწყობი პროექტის განხორციელებით, ევროკავშირი და საქართველო მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას აღნიშნავენ.
„მინდა, ხაზი გავუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი სამუშაო იყო გაწეული ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების საფუძველს კვლავ ასოცირების/თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები წარმოადგენს და სწორედ ამ ხელშეკრულებების განხორციელების მეშვეობით თქვენმა ქვეყანამ შეძლო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება.
გაფართოების შესახებ ბოლო ანგარიში ხაზს უსვამს იმ პროგრესის მასშტაბებს, რომელსაც თქვენ ამ ვალდებულებების შესრულების კუთხით მიაღწიეთ. საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შესრულების ხელშემწყობი პროექტი ამ პროცესში დაგეხმარათ,” აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.
ცერემონიაზე გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ყარაულაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს და მის სახელმწიფო ინსტიტუციებს აქვთ შესაძლებლობები ტრანსფორმაციის რთულ პროცესში აქტიურად ჩასართავად და ამ პროცესში წარმატებით ნავიგაციისათვის.
„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელშემწყობი პროექტი, აუცილებელი ცოდნის გაზიარებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის დახმარების გაწევის კუთხით,” - აღნიშნა ყარაულაშვილმა.
პროექტის დახურვის ცერემონიალზე მოკლე ვიდეო კლიპი წარმოადგინეს, რომელშიც ხაზგასმული იყო AA Facility-ის მთავარი მიღწევები და წარმოდგენილი იყო ბევრი სხვადასხვა ბენეფიციარის მოსაზრებები. აღნიშნულმა მრავალწახნაგოვანმა პროექტმა საქართველოს ევროინტეგრაციის რთულ პროცესში გაუწია დახმარება. მან ხელი შეუწყო პოლიტიკის შემუშავებისა და კანონშემოქმედებით პროცესებს, მხარი დაუჭირა ინსტიტუციონალურ რეფორმებს და სტანდარტების გაუმჯობესებას, გააძლიერა საპარლამენტო ზედამხედველობა, გააუმჯობესა დონორთა კოორდინაცია, აამაღლა საჯარო მოხელეების ცნობიერება და ხელი შეუწყო მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.
„AA Facility-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, დაახლოებით, 140 საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტის მიერ 500-ზე მეტი ანალიტიკური და საგანმანათლებო პროდუქტი შეიქმნა. აღნიშნული ერთობლივი ძალისხმევის გაწევა, დაახლოებით, 400 სხვადასხვა სახის ინტერვენციით მოხდა, რაც ყველა ძირითად პოლიტიკის მიმართულებას მოიცავდა და რამაც სარგებელი 3000-ზე მეტ ქართველ სახელმწიფო მოხელეს და პროფესიონალს მოუტანა.
„პროექტის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობებს შორისაა დახვეწილი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შექმნა, რომელსაც ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მრავალწლიანი დაგეგმვის და ადგილობრივი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის აქტიურად შემოწმების ორმაგი ფუნქცია გააჩნია. გარდა ამისა, აღნიშნული სისტემა აქტიურ როლს ასრულებს სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.
AA Facility-ის მიერ გაწეული საექსპერტო დახმარება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებასთან და დარგობრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებსაც ფარავს. ამ მხრივ, პროექტის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ხარისხის ინფრასტრუქტურა, სოციალური დაცვის სისტემა, სურსათის უსაფრთხოება, მომხმარებელთა დაცვა, კონკურენცია, მეწარმეობა, საბაჟო კონტროლი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვა, დაბეგვრა, ენერგეტიკა, საბანკო სექტორი, საჯარო შესყიდვები, მშენებლობა, ჯანდაცვა და ა.შ. გარდა ამისა, AA Facility-მ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაუმჯობესებაში. აღნიშნული მხარდაჭერა თემატური მომხსენებლების მომზადებას, პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებებით თემატური მოკვლევების ხელშეწყობას და კონკრეტული ნორმატიული აქტების დამტკიცების შემდგომ მათი აღსრულების კონტროლს მოიცავს.
აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების და ასევე საექსპერტო წრეების ასზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. დამსწრეთა შორის იყვნენ AA Facility-ის ბენეფიციარები და დაინტერესებული მხარეები საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, იუსტიციის სამინისტროდან და სხვა პროფილური სამინისტროებიდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან, სამთავრობო უწყებებიდან და ასევე საქართველოს პარლამენტიდან (პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების სახით). ევროკავშირი, სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების მეშვეობით, კვლავ ერთგული რჩება ასოცირების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერის პროცესისადმი. ამ მხრივ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შესრულების ხელშემწყობი პროექტის მეორე ფაზა (AA Facility), სხვა პროექტებთან შედარებით, ფლაგმანს წარმოადგენს,“ - აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.
„ის გზა, რომლის გავლაც ჩვენ ყველამ ერთად თითქმის 5 წლის წინ დავიწყეთ, ნამდვილად ისტორიული იყო საქართველოსთვის. AA Facility-ს გუნდი ბევრ თქვენთაგანთან (როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან) ერთად, მხარდამხარ, დაუღალავად შრომობდა. როდესაც ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაზე ვფიქრობ, სიამაყით ვივსები იმ ხელშესახები ცვლილებების ხილვით, რომლებიც პოლიტიკის დაგეგმვის, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შესრულების კოორდინირების გაუმჯობესების, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და სხვადასხვა სექტორში შთამბეჭდავი რაოდენობის საკანონმდებლო აქტის შემუშავებაში შეტანილი წვლილის სახით განხორციელდა.” განაცხადა ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ხელშემწყობი პროექტის (AA Facility) ხელმძღვანელმა, დოქტორმა იოლანტა ტაჩინსკამ.