ორბანმა კენჭყისყრა დატოვა, გადაწყვეტილება უკრაინაზე მის გარეშე მიიღეს - მედია

ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის არყოფნის დროს მიიღეს, რამაც მათ ვეტოს თავიდან აცილების საშუალება მისცა. ამის შესახებ ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, უკრაინული გამოცემის "ევროპეისკაია პრავდას" კორესპონდენტთან. ევროპული საბჭოს რამდენიმე წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორბანმა შეგნებულად დატოვა შეხვედრა უკრაინის შესახებ გადაწყვეტილების კენჭისყრის დროს.


„მთავარი ის არის, რომ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ამრიგად, ევროკავშირი დათანხმდა გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ,“ - განმარტავს წყარო.

ამასთან, BBC წერს, რომ ვიქტორ ორბანმა მომენტალურად დატოვა ოთახი, რასაც ოფიციალური პირები წინასწარ შეთანხმებულ და კონსტრუქციულად მიდგომას უწოდებენ, დანარჩენი 26 ლიდერი  ამ დროს კენჭისყრას განაგრძობდა.


ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა განაცხადა, რომ ორბანმა უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებაზე ვეტო არ გამოიყენა და ამას პატივს სცემს.

„ორბანი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, და თავის აზრს არ იცვლის. მაგრამ მან გადაწყვიტა, ვეტოს ძალა არ გამოიყენოს, ვინაიდან, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაბლოკვა. მან მიიღო გადაწყვეტილება ეს არ გაეკეთებინა, და პატივს ვცემ, რომ ეს არ ქნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩვენ, როგორც ევროკავშირს, ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებდა. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, და უნგრეთმა გადაწყვიტა, ის არ დაებლოკა,” - განაცხადა ვარადკარმა.

ამავდროულად, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ “გადაწყვეტილება უფრო სწრაფად იყო მიღებული, ვიდრე ელოდდნენ.”

“ეს დიდი გეოპოლიტიკური მესიჯია, არა მხოლოდ მოსკოვისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. და როდესაც ევროკავშირი ამბობს, რომ დემოკრატიას იცავს - ამას ვაკეთებთ, და როდესაც ვამბობთ, რომ უკრაინასთან იმდენ ხანს ვიქნებით, რამდენიც საჭირო იქნება - ამას ვგულისხმობთ”, - განაცხადა ვარადკარმა.


„სამართლებრივად ეს წესებთან აბსოლუტურ შეესაბამისობაშია. დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ორბანის გარეშე, მაგრამ არა მის ზურგს უკან. მან იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილებას კენჭი ეყრებოდა და ოთახი დატოვა,“ - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გუნდის წარმომადგენელმა.


თავად ორბანმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „უნგრეთს არ სურს მონაწილეობა მიიღოს ამ ცუდ გადაწყვეტილებაში და ამიტომ დღეს ამ გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავა.“

წყაროების თანახმად, ყველა სხვა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას - ამგვარად, გადაწყვეტილებას მიემხო 26 წევრი, ერთმა კი თავი შეიკავა. მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას.