Politico-ს ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უთხრა ვიქტორ ორბანს სხვა ლიდერების წინაშე, რომ თუ მას ნამდვილად არ ჰქონდა თანხმობის სურვილი, მას შეეძლო, დაეტოვებინა ოთახი, რათა ევროკავშირის ლიდერებს მისი არყოფნისას ერთსულოვნად მიეღოთ გადაწყვეტილება გაფართოების შესახებ.
დიპლომატიური წყაროს ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ოთახი დატოვა, როდესაც გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
ევროკაშირის დიპლომატმა გამოცემას განუცხადა, რომ ამან შესაძლებელი გახადა ევროკავშირის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რაც სრულიად ლეგალური იყო ევროკავშირის კანონმდებლობით.
„თუ ვინმე არ ესწრება, არ ესწრება. იურიდიულად, ეს აბსოლუტურად ქმედითია,“ - განაცხადა ევროკაშირის დიპლომატმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ თავი შეიკავა ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობისგან.
ბელგიის პრემიერ-მინისტრის თქმით კი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინის საკითხზე ვეტოს უფლებით არ უსარგებლია, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა.
„ერთადერთი, რასაც აქვს მნიშვნელობა, არის, იყენებს თუ არა ქვეყანა ვეტოს უფლებას. როგორც ვნახეთ, უნგრეთს ვეტო არ გამოუყენებია, შესაბამისად, ცხადი გახდა, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებდი, ვინ სად იყო ამ დროს. ბატონი ორბანი ძალიან კარგად იყო გათვითცნობიერებული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც იქნებოდა მიღებული.
ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც აერთიანებს 27 წევრ ქვეყანას. გზავნილი არის მკაფიო, რომ ჩვენ ვართ უკრაინელების მხარეს, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და მათი ქვეყნის პატივისცემისთვის. გზავნილი მოსკოვისთვის იყო ძალიან მკაფიო, რომ ჩვენ ვერ დაგვაშინებენ, ევროპა ერთიანია და ჩვენ ვართ უკრაინელების გვერდით, ყველაზე რთულ დროსაც კი.“