უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდიან დახმარებას ვეტო დაადო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა. უკრაინის შემდგომი ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უნდა მიეღოთ ბრიუსელში, სადაც 14 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტი დაიწყო.

განხილვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „უკრაინისთვის დამატებით ფულს ვეტო დაადო" და ამ საკითხს ევროპულ საბჭოში მომავალ წელს, შესაბამისად მომზადების შემდეგ დაუბრუნდებიან.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხს 2024 წლის დასაწყისში ისევ განიხილავენ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებასაც ეწინააღმდეგებოდა იმ მოტივით, რომ უკრაინა ამისთვის მზად არ არის. 14 დეკემბერს, ევროკავშირის ლიდერებმა ეს გადაწყვეტილება ორბანის გარეშე მიიღეს. ამ შემთხვევაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვეტოს უფლებით არ უსარგებლია და სხდომა შეგნებულად დატოვა, რათა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღო.