ნაუსედა: ჩვენი მეგობრებისთვის პოლიტიკური სიგნალის გაგზავნა აუცილებელი იყო

ლიეტუვის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მეგობარი ქვეყნებისთვის პოლიტიკური სიგნალის გაგზავნა აუცილებელი იყო.

გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში მედიას განუცხადა, სადაც მეორე დღეა, ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს.

„საოცარი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, გუშინ ჩვენ ვსაუბრობდით უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე და დღეს ჩვენ ვზეიმობთ და მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ვარ ევროპელი. აუცილებელი იყო ამ პოლიტიკური სიგნალის ჩვენი მეგობრებისთვის გაგზავნა, განსაკუთრებით უკრაინისთვის, რადგან ქვეყანაში ომი მიმდინარეობს. მქონდა საშუალება, კომუნიკაცია მქონოდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, დავურეკე მას და ვუთხარი: თქვენ დაიმსახურეთ ეს გადაწყვეტილება, ბევრი ძალისხმევა გაწიეთ საჭირო რეფორმების გასატარებლად და თქვენ ამისთვის დაჯილდოვდით,“ - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.


მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია, თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია.

„რა თქმა უნდა, ეს ძალიან გრძელი პროცესის მხოლოდ პირველი გვერდია, მაგრამ წიგნის კითხვისას პირველი გვერდის გადაშლაა საჭირო, თუკი გსურთ, შემდგომი გვერდებიც წაიკითხოთ,“- აღნიშნა ნაუსედამ.