აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულება პარაფირებულია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულება პარაფირებულია. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქართული მხრიდან დოკუმენტის პარაფირება განახორციელეს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, ხოლო ამერიკის მხრიდან აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ბრიუს შვარცმა.


„ეს მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს ისტორიაში. საქართველოსა და შეერთებული შტატებს შორის ძალიან საინტერესო თანამშრომლობის გასული სამი ათწლეული ჩვენი ურყევი მეგობრობის დემონსტრირებაა და ეს ისტორიული დოკუმენტი ამ პარტნიორობის შედეგია. ვამაყობ, რომ ჩემი ოფისი მრავალი წელია წარმოადგენს ცენტრალურ კომპეტენტურ ორგანოს საქართველოში, რომელიც კანონის აღსრულების პროცესში ორი ქვეყნის ერთობლივ ძალისხმევას სათავეში უდგას. ხელშეკრულების გაფორმების საბოლოოდ ძალაში შესვლის პროცესი დამატებით სხვა ეტაპებსაც მოიცავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ორივე ქვეყანა ერთობლივად შეძლებს საჭირო პროცედურები უმოკლეს ვადებში შესრულებას,“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ პარაფირების ცერემონიაზე.

შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულების პარაფირებას მიმდინარე წლის იანვარში, ამერიკულ მხარესთან თბილისში გამართული მოლაპარაკებები უძღოდა წინ.