ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გენერალური შტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ, ფაშინიანმა Facebook-ის პირდაპირ ეთერში გამოსვლის დროს განაცხადა. ინფორმაციას news.am-ი ავრცელებს.

"მე ხელი მოვაწერე საჭირო დოკუმენტებს გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ", - აცხადებს ფაშინიანი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნას სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.

გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც 24 თებერვალს, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი ტირან ხაჩატრიანი.

„სიტუაცია ძალიან რთულია. თქვენ იცით, რომ გადავწყვიტე თანამდებობიდან გავათავისუფლო გენერალური შტაბის უფროსი და მისი პირველი მოადგილე. მიზეზებს მოედანზე დავასახელებ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა სამოქალაქო და სახალხო ხელისუფლების შენარჩუნება“, - განაცხადა ფაშინიანმა.