გერმანელი მინისტრი საქართველოში ვიზიტის წინ: კიდევ უფრო გავაფართოებთ თანამშრომლობას არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებში

გერმანიის საელჩოს შეფასებით, „მიგრაციის შესახებ შეთანხმება იქნება არალეგალური მიგრაციის შემცირების საფუძველი, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებშია. გარდა ამისა, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს სეზონურ დასაქმებას, გაჩნდება მიზანმიმართული შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დასაქმების კუთხით და გაძლიერდება ურთიერთობები სპეციალისტთა განათლების მიმართულებით.“


გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი, ნენსი ფეზერი გერმანიის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან მიგრაციის შეთახმების საკითხებში, იოახიმ შტამპთან ერთად თბილისს ეწვევა, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან ერთად ხელი მოაწეროს ორმხრივ შეთანხმებას მიგრაციის შესახებ.

„ამ შეთანხმების საფუძველზე კიდევ უფრო გავაფართოებთ უკვე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებში. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია არალეგალური მიგრაციის შემცირებისკენ,“ - განაცხადა მინისტრმა ფეზერმა საქართველოში გამომგზავრებამდე.