ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით, ახალი მოსაზრება გამოაქვეყნა

ვენეციის კომისია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) ერთად მომზადებულ ახალ დასკვნაში ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში მოქმედი ცვლილებები, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობასა და მისი (უპარტიო) წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას ეხება, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ შემდგომ განვითარებასა და სხვა ხანგრძლივი რეკომენდაციების გათვალისწინებას საჭიროებს.

მოსაზრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 2023 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადისა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის განხორციელების ძალისხმევის კონტექსტში გამოითხოვა.


„თვალშისაცემია ბოლო წლებში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის სიხშირე,“ - ნათქვამია მოსაზრებაში.

უმრავლესობასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, 2021 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები - მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით, რასაც პრინციპში მიესალმნენ ვენეციის კომისია და ODIHR. იმავდროულად, მიღებული იყო შემდგომი ცვლილებების სერია, რომელიც გასცდა ამ ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას. ცვლილებების ამჟამინდელი პროექტი, ვენეციის კომისიის და ODIHR-ის აზრით, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ შემდგომ განვითარებას საჭიროებს.


„საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შემადგენლობას და მისი უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას ეხება. ისინი "რთული და საკმაოდ დამაბნეველია," - ნათქვამია მოსაზრებაში.

მისივე თანახმად, 2022 და 2023 წლების წინა რეფორმებისგან განსხვავებით, მიმდინარე ცვლილებების პროექტი მომზადდა სწრაფი პროცესის ფონზე, მმართველი პარტიის ინიციატივით, როგორც ჩანს, შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ფართო კონსულტაციის გარეშე.


„საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შემოთავაზებული ცვლილებები ეხება მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შემადგენლობას და მისი (უპარტიო) წევრებისა და თავმჯდომარის არჩევას. ისინი რთული და საკმაოდ დამაბნეველია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მოიცავს არაზუსტ და მრავალჯერად ჯვარედინ გზავნილებს კანონის ორივე წყაროს შორის. მიმდინარე რეფორმის დრო, რა თქმა უნდა, არ არის იდეალური, რადგან ის ეხება საარჩევნო კანონის ფუნდამენტურ ელემენტებს - კერძოდ, საარჩევნო კომისიების წევრობას და მიღებული იქნება, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო იქნება დარჩენილი. მეორეს მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ მიღების პროცესი პარლამენტში პირველი მოსმენის შემდეგ შეჩერდა, რათა მოხდეს ერთობლივი მოსაზრების დასკვნების გათვალისწინება და რომ რეფორმა ნაწილობრივ მაინც ემსახურებოდეს ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის სტანდარტებს და განხორციელდეს ვენეციის კომისიისა და ოდირის წინა რეკომენდაციები. ეს განვითარება, პრინციპში, მისასალმებელია. ამავდროულად, შემოთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.


დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოში უმრავლესობასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის 2021 წლის 19 აპრილის მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის ცესკოს შემადგენლობასთან დაკავშირებით, რასაც, ვენეციის კომისია და ოდირი მიესალმნენ.

„იმავდროულად, მიღებულ იქნა შემდგომი ცვლილებების სერია, რომელიც გასცდა ამ ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას. ვენეციის კომისიის და ოდირის აზრით, მიმდინარე ცვლილებების პროექტი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საჭიროებს შემდგომ განვითარებას,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.


რეკომენდაციის ნაწილში წერია, რომ უნდა შეიცვალოს ცვლილებების პროექტი, რათა უზრუნველყოფილი იყოს კონსენსუსი ცესკო-ს არაპარტიული წევრებისა და თავმჯდომარის დანიშვნა/არჩევაზე; ეს შეიძლება გულისხმობდეს პირველ რიგში მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობის 2/3-თან დაკავშირებით და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელიც უპირატესობას ანიჭებს კვალიფიციურ უმრავლესობას, მანამ, სანამ შესაძლოა მიმართავდეს მარტივ (ან აბსოლუტურ) უმრავლესობას, როგორც ჩიხის საბოლოო გადაწყვეტას, გათვალისწინებულ იქნას ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის სხვადასხვა ეტაპებს შორის შემოთავაზებული შეზღუდული დროის გახანგრძლივება; ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარისგან საქართველოს პრეზიდენტს დაუბრუნდეს, მოხდეს ცესკოს წევრის ან თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენის, უარყოფისა და დანიშვნის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება, პროექტიდან ამოღებულ იქნას ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული ცესკოს წევრებიდან არჩეული თავმჯდომარის მოადგილის გაუქმება.

დღესვე ვენეციის კომისიამ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ ახალი დასკვნა გამოაქვეყნა.