ხავიერ კოლომინა არჩევნებზე, რეფორმებზე, NATO-საქართველოს ურთიერთობებსა და ჩინეთზე

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა თბილისში ვიზიტს აჯამებს. მან დღეს მედიის შეკითხვებს უპასუხა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, რეფორმებზე, ვაშინგტონის სამიტზე, NATO-სთან ურთიერთობების პერსპექტივებზე, ჩინეთსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.


კანდიდატის სტატუსი

ხავიერ კოლომინა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ისტორიულ მომენტს უწოდებს. კოლომინა აქვე აღნიშნავს, რომ ეს კარგი ამბავია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რადგან ეს გზას უხსნის იმ იმპულსს, რომელიც ჩვენ გვჭირდება, გამოვიყენოთ 2024 წელს.

კოლომინას შეფასებით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ევროატლანტიკური პროცესის წინ წაწევას.

„2024 წელი ისეთივე გადამწყვეტია, როგორც თავად ეს გადაწყვეტილება და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს 9 ნაბიჯს და იმ რეფორმებს, რომლებიც მოთხოვნილია ამ 9 ნაბიჯში. ევროკომისიის გადაწყვეტილება დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს მხარდაჭერა განაგრძოს,“ - აღნიშნა კოლომინამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, ეს არის მომენტუმი, რომელიც უნდა დაეხმაროს საქართველოსა და NATO-ს შორის ორმხრივ ურთიერთობებს.

მანვე აღნიშნა, რომ ჯერ რთულია იმაზე საუბარი, თუ რა მიმართულებით უნდა აისახოს ეს ყველაფერი, რადგან სულ რაღაც რამდენიმა დღე, რაც ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა კოლომინამ აღნიშნა, რომ ალიანსი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ძალისხმევას განაგრძობს.


„საქართველოსგან მოველით, რომ 9 ნაბიჯს შეასრულებს, რეფორმებს, რომლებიც უდა გატარდეს ამ 9 ნაბიჯის ფარგლებში, რათა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რომლებიც ასევე NATO-საც აქვს.

უკვე მქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, თავდაცვის მინისტრთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდები. ასევე შევხვდი პარლამენტის სპიკერს. მთლიანობაში ყველა კარგი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან კარგია, ვილაპარაკეთ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ხსნის, და ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გზებზე,” - განაცხადა კოლომინამ.


2024 წლის არჩევნები

  • კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დემოკრატია ფუნდამენტურია. ის იმედოვნებს, რომ 2024 წელს დემოკრატიულ პროცესებს იხილავს.

„ჩვენთვის დემოკრატია ფუნდამენტურია, ალიანსისთვის მას პრინციპული ღირებულება აქვს. და გვსურს ვხედავდეთ, რომ დემოკრატია ისე მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს. ასე რომ, არჩევნები დემოკრატიების დიდი ნაწილია, ის სამართლიანი, კონკურენტული გზით უნდა ტარდებოდეს. ეს არის მესიჯი, რომელიც გადავეცი პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს.

ეს [არჩევნების თემა] ოპოზიციასთან საუბრების ნაწილი იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ რამდენადაც არჩევნებია მნიშვნელოვანი, ასევე, ოპოზიციისა და მთავრობის როლია მნიშვნელოვანი. დემოკრატია ყველა ჩვენგანის, ყველა მოქალაქის ერთად მუშაობით ფუნქციონირებს. ამდენად, ჩემი გადმოსახედიდან, მთავრობისა და ოპოზიციის საერთო პასუხისმგებლობაა.

ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვან 2024 წელს ველი, გასატარებელი რეფორმების გამო, რომლებიც მანამდე უკვე ვახსენე, მაგრამ ასევე, იმიტომ, რომ 2024 წელი არჩევნებით დასრულდება, და იმედი გვაქვს, რომ რეალურ, ცოცხალ დემოკრატიულ პროცესს ვნახავთ,” - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.


რეფორმები

  • NATO-ს გენმდივნის სპეწარმომადგენლის შეფასებით, რეფორმები გატარდა, თუმცა გაუმჯობესებისთვის სივრცე რჩება.

„ვიცით, რომ ქართველებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმებში. ჯერ კიდევ ვხედავთ, რომ აშკარად არსებობს გაუმჯობესებისთვის სივრცე, განსაკუთრებით. უსაფრთხოების სამსახურების ზედამხედველობაში, სასამართლო რეფორმაში, დეპოლარიზაციაში, დეოლიგარქიზაციაში.

ყველა ეს ასპექტი, როგორც ხედავთ, 9 ნაბიჯის ნაწილია, რომლებშიც ევროკავშირი ქართველებისგან მეტის გაკეთებას ელის. გვჯერა, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულდა, ზოგიერთში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილებები, მაგრამ, როგორც ვთქვი, არსებობს გაუმჯობესებისთვის სივრცე და გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობისთვის ბიძგის მიცემას, რომ ეს რეფორმები გატარდეს. ამავე დონეზე გვჯერა, რომ ევროკავშირი ძალიან ახლოდან დააკვირდება 9 ნაბიჯის შესრულების პროცესს და იმ რეფორმებს, რომლებიც ვახსენე.”


ვაშინგტონის სამიტი

  • ხავიერ კოლომინა მომავალ სამიტზე საუბარას ჯერ ნაადრევად მიიჩნევს, თუმცა იმედოვნებს, რომ საქართველო ვაშინგტონში წარმოდგენილი იქნება.
„რთულია ახლა იმაზე საუბარი, ვინ დაესწრება ვაშინგტონის სამიტს. ეს საუბრები მოკავშირეებს შორის უნდა გაიმართოს და გადაწყვეტილებებიც მათ უნდა მიიღონ. ჩემი აზრით, საქართველო იქნება მოწვეული და წარმოდგენილი. ჯერ არ ვიცი, რა დონეზე, მაგრამ მჯერა, რომ საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ საქართველო იქნება მოწვეული. მოწვევა მოვა უმაღლეს დონეზე თუ მინისტრის დონეზე, ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ დღის ბოლოს საქართველო სამიტზე იქნება წარმოდგენილი.“

 

 ჩინეთთან საქართველოს პარტნიორობა

  • NATO აღიქვამს ჩინეთს, როგორც გამოწვევას, თუმცა მას რუსეთს არ ადარებს.

„ამ საკითხზე ხშირად გვისაუბრია თბილისში ჩემი ვიზიტების დროს. ჩვენ ვცხოვრობთ სტრატეგიული კონკურენციის სამყაროში. ჩვენ არ ვადარებთ ერთმანეთს რუსეთისა და ჩინეთის სიტუაციებს. ჩვენ გვაქვს შეშფოთება უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელსაც ჩინეთი წარმოადგენს, ამ თვალსაზრისით, გვჯერა, რომ ჩვენს პარნტიორებს და ჩვენს მოკავშირეებსაც კი შესაძლოა, უფრო კომპლექსური ურთიერთობა ჰქონდეთ ჩინეთთან, რადგან ჩინეთი გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა, იყოს პარტნიორი, შესაძლოა, იყოს გლობალური მოთამაშე, რომელთანაც ჩართულობა შესაძლებელია.

NATO არის ჩართული ჩინეთთან, მაგრამ ამასთანავე მხედველობაში უნდა მივიღოთ ფაქტი, რომ ის წარმოადგენს უსაფრთხოების ნაწილში გამოწვევას, განსაკუთრებით, საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, დამოკიდებულებას, როდესაც იქმნება ზოგიერთი ინვესტიცია.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთთან პარტნიორობა არ შეიძლება, რომ ჩინეთისგან ინვესტიციების მიღება არ შეიძლება. განსხვავებულია ვითარება რუსეთთან, რომელიც ჩვენთვის საფრთხეა და სხვა ქვეყანაში იჭრება. არ შეცვლილა ჩვენი შეხედულება რუსეთზე, რამდენადაც ომი კვლავ გრძელდება. როგორც აღვნიშნე, ეს არის ჩვენი საუბრების თემა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან გვქონია.

მათ იციან, რომ ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც (ჩინეთზე, რედ.) დამოკიდებულების შექმნის რისკი არსებობს, განსაკუთრებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილში. ამასთანავე, გვესმის ინვესტიციების საჭიროების აუცილებლობა, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, სადაც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დამოკიდებულების რისკი არ იქმნება. საბოლოო ჯამში, მთავარია ბალანსი ურთიერთობებში.“


ევროკავშირსა და NATO-ში გაევრიანების პროცედურების შედარებები

  • ორივე პროცესს სჭირდება რეფორმების გატარება, რომელიც ორივე შემთხვევაში იდენტურია, მაგრამ  NATO-ს პროცედურები მეტად პოლიტიკურია.

ჩვენ ერთი მედლის ორი მხარე ვართ, მაგრამ განსხვავებული პროცედურები გვაქვს, ევროკავშირის პროცედურები გარკვეულწილად უფრო ავტომატურია და ბევრად მეტი დრო სჭირდება, NATO-საც აქვს პროცედურები, თუმცა ეს პროცედურები ნაკლებად ავტომატური და მეტად პოლიტიკურია. ორივე პროცესს სჭირდება რეფორმების გატარება, რომელიც ორივე შემთხვევაში იდენტურია.

რა მიმართულებით გვსურს წინსვლის ნახვა, ეს იმ დოკუმენტშია გაწერილი, რასაც ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას ვუწოდებთ. პირველად ჩვენ წარვადგინეთ ეს დოკუმენტურად, რა სფეროებში გვსურდა რეფორმების დანახვა, შემდეგ საკუთარი პროცესი დაიწყო ევროკავშირმა, რომელიც უფრო მეტად ავტომატურია იმ ნაწილში, რომელიც ეხება იმას, კარი გაიღოს თუ არ გაიღოს.


NATO-ს სწრაფად შეუძლია ქვეყნის ინტეგრირება, თუ ვფიქრობთ, რომ ამ ინტეგრაციისთვის ყველაფერი მზადაა და ეს მოხდა ფინეთის შემთხვევაში. ამასთანავე, გვჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რამდენად ვხედავთ ქვეყანაში მზაობას, იყოს ინტეგრირებული. ამ პროცესში ჩვენ გვჭირდება გარკვეული მოთხოვნების შესრულება და სწორედ ამ პროცესში ვართ საქართველოს ხელისუფლებასთან,“ – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.


ხავიერ კოლომინას თქმით, საქართველოს მიმართ მოთხოვნები კვლავ იგივეა.

„არ ვფიქრობ, რომ მოთხოვნებს ვცვლით და არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა შეცვალა მოთხოვნები. ჩემი აზრით, ჩვენ მსოფლიოს განსხვავებული ლინზიდან ვუყურებთ. ომმა დრამატულად შეცვალა ჩვენი მოსაზრებები გეოსტრატეგიულ ხედვაზე, ეს ცხადია.

ჩვენთვის საქართველო ყოველთვის იყო ფუნდამენტური პარტნიორი კავკასიაში, კავკასიის სტაბილურობაში, შავი ზღვის სტაბილურობაში. შავ ზღვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროატლანტიკური სტაბილურობისთვის. ჩვენთვის ეს არ იცვლება და ამიტომაა, რომ საქართველოს მუდმივად ვუჭერდით მხარს და გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას, მაგრამ ჩემი აზრით, ეს მოცემულობა არ ცვლის იმ მოთხოვნებს, რომელიც გვაქვს, რომ უფრო მეტად დაუახლოვდეთ ალიანსს.

არ მგონია, რომ საქართველოსა და უკრაინაზე მეტად ახლო პარტნიორი ჰყავდეს NATO-ს. და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სჭირდება მომწიფება. ეს შეიძლება, შეიცვალოს იმ გეოპოლიტიკური ვითარების გამო, რომელსაც ვხედავთ. ეს შესაძლოა, მოხდეს, მაგრამ საბოლოოდ, პროცესი და მოთხოვნები ისევ უცვლელია,“ – განაცხადა კოლომინამ.