თბილისის სააპელაციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი, პატიმრობის შეფარდების გაუქმების თაობაზე.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, მელიასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. საჩივარი დაუშვებლად ცნო სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა.
სააპელაციო სასმართლოს ცნობით, საქმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
მოქმედი კანონმდებლობით, საქმის არსებითი განხილვისას გამოტანილი აღკვეთის ღონისძება სააპელაციო სასამართლოში არ საჩივრდება, თუმცა მელიას ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ეს ნორმა არაკონსტიტუციურია და შესაბამისი უფლება ჰქონდათ.
18 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.ნიკა მელია პოლიციამ 23 თებერვლას დააკავა, რასაც საერთაშორისო საზოგადოებრის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.