"თუ მელიას საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრდება, დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად საქართველოს ხელისუფლებას დაადანაშაულებს", - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ Europetime-ს განუცხადა.
კონსტიტუციონალისტმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ Europetime-თან , ის სამართლებრივი ნიუანსები განმარტა, რის გამოც, თვლის რომ ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება უსაფუძვლო იყო.
მისი თქმით, ნიკა მელიას საქმე, ფორმალურად შეიძლება გამართლდეს კანონის თვალსაზრისით, მაგრამ ვერ გამართლდება სამართლიანობის თვალსაზრისით. მითუმეტეს, რომ კანონის თვალსაზრისითაც ამ მოქმედებათა ჯაჭვის გამართლება ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება.
ხმალაძის განცხადებით, მელიას გირაოს და პატიმრობის შესაფარდებლად საჭირო სამი პირობიდან არცერთ არ დაურღვევია და სასამართლოს, არა თუ არ უნდა დაეკმაყოფილებინა პროკურატურის შუამდგომლობა, მანამდე დაწესებული გირაოც უნდა მოეხსნა.
"20 ივნისის მოვლენების შემდეგ, თავის დროზე, მელიას შეუფარდეს გირაო. მან ეს გირაო გადაიხადა. ჩავიხედოთ კანონში როდის გამოიყენება გირაო.გირაო ეს არის ერთ-ერთი უზრუნველყოფის ღონისძიება. სხვა ღონისძიებებთან ერთად. რამდენიმე სახის ღონისძიება არსებობს, ეს არის გირაო, შინა პატიმრობა ელექტრონული სამაჯური და პატიმრობაც. პატიმრობა გამოიყენება, იმ შემთხვევაში თუ სამი პირობიდან ერთ-ერთი პირობის დარღვევის საფრთხე მაინც არსებობს.
პირველი არის, როცა ბრალდებულის მიმალვის ალბათობა დიდია. მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა მაღალი ალბათობით შეიძლება გაანადგუროს თავისი დანაშაულის მტკიცებულებები. მესამე ეს არის, როცა ბრალდებულმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს დანაშაულის მოწმეებზე. პატიმრობა მხოლოდ ამ სამი შემთხვევიდან ერთ-ერთის დარღვევის დროს გამოიყენება. თანაც,ჩამოთვლილი უზრუნველყოფის ღონისძიებათაგან, უნდა იყოს გამოყენებული სხვებთან შედარებით უფრო მსუბუქი ღონისძიება, თუ ეს საკმარისია, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, რომ ეს სამი საფრთხე თავიდან იქნას აცილებული. პატიმრობა არის უკიდურესი შემთხვევა, რომელიც გამოიყენება, მხოლოდ მაშინ როდესაც ბრალდებულის თავისუფლებაზე დატოვებით, ჩამოთვლილი სამი პირობიდან, ერთ-ერთის დარღვევის რისკი არსებობს.
ახლა შევხედოთ მელიას საქმეს. ბრალი რომელიც მას წაუყენეს ეხება 2019 წლის ივნისის მოვლენებს. ახლა არის 2021 წლის თებერვალი. გასულია წელიწად ნახევარზე მეტი. თუ რამე მტკიცებულება იყო, წესით, უკვე ყველაფერი მოგროვილი უნდა ჰქონდეს ბრალდების მხარეს.
პირველი პირობა - მტკიცებულებების განადგურება: რასაც მელიას ბრალად უყენებენ, საჯაროდ სივრცეში ხდებოდა, უამრავი ადამიანის თანდასწრებით. ასე რომ მელია მტკიცებულებებს ვერ გააყალბებდა. თან ეს მტკიცებულებები, მხოლოდ ვიდეო, აუდიო ჩანაწერების, ან სატელეფონო საუბრების სახით შეიძლებოდა ყოფილიყო. ამას მელია უკვე ვეღარ გაანადგურებს. ანუ პატიმრობის ეს ერთი საფუძველი უკვე მოიხსნა.
მეორე პირობა - მოწმეებზე ზემოქმედება: ამ საქმის ყველა მოწმე უკვე დაკითხულია. თუ ამ დრომდე დაკითხული არ ჰყავთ, ეს უკვე ბრალდების ბრალია. როგორც მახსოვს, მოწმეები პოლიციელები არიან. ასე, რომ მელიას მხრიდან პოლიციელებზე ზემოქმედება პრაქტიკულად გამორიცხულია, ამის ალბათობა ნულთან ახლოს არის.
მესამე პირობა - მიმალვის საფრთხე: მას შემდეგ, რაც მელიას პასპორტი დაუბრუნეს, წელიწადნახევარი გავიდა. ამ წელიწადნახევარმა აჩვენა, რომ თეორიულად მას საქართველოს დატოვება შეეძლო, თუმცა მიმალვა არც კი უცდია. მელია არ არის შეუმჩნეველი პიროვნება, რომელიც საქართველოში შეძლებდა დამალვას, ან საქართველოდან გაპარვას მოახერხებდა. ასე რომ ეს მესამე პირობაც, არ არსებობს!
როცა ეს სამი პირობა არ არსებობს, არა თუ რაიმე ახალი უზრუნველყოფის ღონისძიება, არ უნდა გამოეყენებინათ მელიას წინააღდგე, რა ღონისძიებაც ჰქონდა შეფარდებული, ისიც უნდა მოეხსნათ.
რამდენიმე თვის წინ, მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და თქვა, რომ მე ამას არ გავიკეთებო, მას შემდეგ გავიდა ორ თვეზე მეტი, სწორედ ამის მერე გადაწყვიტა პროკურატურამ ხელმეორედ გირაოს დაკისრება. როცა, ის სამი საფუძველი არ არსებობდა, რა მიზანს ემსახურებოდა ხელმეორედ გირაოს დაკისრება?
გირაო არ არის სასჯელი. თქმა იმისა, რომ გირაო სამაჯურის მოხსნის გამო დაუწესეს, სრულიად გაუგებარია. რა, ამით დასაჯეს? გირაო სასჯელი არ არის. თანაც, 30 ათასი, პირველი გირაო უკვე გადახდილი ჰქონდა მელიას. ახლა კიდევ 40 ათასი გადაიხადოსო. რატომ?! თუ იმ 30 ათასმა უზრუნველყო ის მიზანი, რის გამოც დააკისრეს გირაო, მაშინ უფრო მეტის დაკისრება აღარ არის თანაზომიერი მოთხოვნა. რასაც ნაკლები უზრუნველყოფს, იმაზე მეტის დაკისრება უკვე არა თანაზომიერია.
გირაოს გაზრდაც და პატიმრობის შეფარდებაც დარწმუნებული ვარ იყო ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლების მიერ შეკვეთილი. აღნიშნული მოქმედებები მიუთითებს იმაზე რომ, როგორც პროკურატურის, ისე სასამართლოს გადაწყვეტილებები იყო პოლიტიკური. სამართლიან სასამართლოს, პროკურატურის ეს შუამდგომლობა აღარ უნდა დაეკმაყოფილებინა. გირაოს დაწესების შუამდგომლობაც კი არ უნდა დაეკმაყოფილებინა. ხოდა, გაზრდილი გირაო, რომელიც წესით არ უნდა დაეწესებინათ, იმ გირაოზე ედავებიან, გირაო არ გადაიხადა და ამიტომ პატიმრობა მივუსაჯოთო, აი ეს ნამდვილად არ არის სამართლებრივი გადაწყვეტილება.
ადრე დაწესებული გირაო არა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მელიას იმ სამი მოქმედებიდან მელიას რომელიმე არ ჩაედინა? ვერავინ იტყვის, რომ მელიას ამ სამი მოქმედებიდან, რომელიმეს ჩადენის მცდელობა ჰქოდა. თუ ამას იტყვიან, მაშინ ეს უკვე დანაშაულია და მელიასთვის ბრალი უნდა წარედგინათ. მსგავსი რამ არ მომხდარა. თუ მსგავსი არ მომხდარა, ახალი გირაო არ უნდა დაეწესებინათ. თუ გირაო არ გადაიხადა ამისათვის პატიმრობა არ უნდა შეეფარდებინათ. მიზანი რისთვისაც გამოიყენება უზრუნველყოფის ღონისძიება აღარ არსებობს, რადგან ის მიზანი პატიმრობის გარეშეც მიღწეულია. სამართლებრივი თვალსაზრისითაც, თითქმის", - განმარტავს კონსტიტუციონალისტი.
კონსტიტუციონალისტი შიშობს, რომ მელიას დაპატიმრებით გამოწვეული დაპირისპირების გამო, შეიძლება ძალიან ცუდი სცენარით განვითარდეს ყველაფერი და სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს,
"შესაძლებელია ხელისუფლებაში ვინმე გონს მოეგოს და დათმონ, ის რაც აქამდე, არ ეთმობოდათ. ვნახოთ, მე ვერ ვიტყვი რა მოხდება. ერთი რამ ცხადია, რომ დემოკრატიული სამყაროსგან არის მძაფრად უარყოფითი შეფასებები. რაც შეეხება დასავლელი პარტნიორების მხრიდან შესაძლო ზეწოლას ხელისუფლებაზე, ვნახოთ, დრო გვიჩვენებს, როგორ იქნება, რა იქნება და რა ხარისხის ზეწოლა იქნება. ბევრი რამეა არის ამაზე დამოკიდებული. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რომ დემოკრატიულ სამყაროში მიმდინარე პროცესებში, საქართველო არ არის მთავარი წერტილი. ყველა ქვეყანას თავისი პრობლემები აქვს. ამიტომ პროგნოზირება იმისა, რამდენად აქტიურად ჩაერთვებიან დასავლელი პარტნიორები საქართველოში მიმდინარე პროცესებში, ამის თქმა არ შემიძლია. დრო გვიჩვენებს", - აღნიშნავს ვახტანგ ხმალაძე.
23 თებერვალს, სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში დააკავეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორი დაშავებლი სტაციონარში გადაიყვანეს და მალევე გაწერეს საავადმყოფოდან.
მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს. .