შვეიცარია ზამთარში უკრაინელების მხარდასაჭერად დამატებით 12.5 მილიონ ევროს გამოყოფს

შვეიცარია ზამთრის პერიოდში უკრაინელების დასახმარებლად, დამატებით, 11.8 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს (12.5 მილიონი ევრო) გამოყოფს.

ამის შესახებ შვეიცარიის მთავრობის პრესრელიზშია ნათქვამი. თანხა მოხმარდება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერას, რომლებიც ზამთრის პერიოდში უკრაინელებს დახმარებას გაუწევენ.


შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო უკრაინაში გაერო-ს ჰუმანიტარული ფონდის დახმარების პროგრამის მხარდაჭერას 1.8 მილიონი შვეიცარიული ფრანკით გაზრდის. სააგენტო ასევე მხარს უჭერს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ზამთრის დახმარების პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს 3 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გამოყოფას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ომის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებთათვის.


მთლიანობაში, შვეიცარიამ ზამთრის პერიოდში უკრაინელების დასახმარებლად, დაახლოებით, 26 მილიონი ფრანკი გამოყო.

გასულ კვირას შვედეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას 1.4 მილიარდ კრონს (დაახლოებით 120 მილიონი ევრო) გამოუყოფს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ზამთრის პერიოდში ქვეყნის მოსახლეობის დახმარებას მოხმარდება.