ვაშინგტონის სამიტი: NATO და აშშ პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერებაზე საუბრობენ

2024 წლის NATO-ს სამიტს ვაშინგტონი უმასპინძლებს. NATO და აშშ მას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ იმ თვალსაზრისითაც, რომ სამიტი საიუბილეოა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე დიდი დროა და მოკავშირეები დეტალებზე საუბარს ერიდებიან, იენს სტოლტენბერგისა და ხავიერ კოლომინას შემდეგ, სამიტის შესახებ ასევე ისაუბრა NATO-ში აშშ-ის ელჩმა ჯულიან სმიტმა.

„2024 წელი იქნება მნიშვნელოვანი წელი 75-ე საიუბილეო სამიტით. მოუთმენლად ველით ჩართულობას არამხოლოდ NATO-ს მოკავშირეებთან, არამედ, ყველა ჩვენს პარტნიორთან მთელ მსოფლიოში და ვეძებთ გზებს ამ მნიშვნელოვანი პარტნიორობის გასაძლიერებლად,“ - განაცხადა სმიტმა ონლაინ პრესკონფერენციაზე და პარტნიორობის მაგალითად იაპონია და კორეა დაასახელა. (ელჩი სმიტი ცოტა ხნის წინ ხელმძღვანელობდა დელეგაციას ტოკიოსა და სეულში NATO-ს სხვა მუდმივ წარმომადგენლებთან ერთად, სადაც ისინი შეხვდნენ უამრავ ოფიციალურ პირს, პოლიტიკოსებს, სტუდენტებს, რათა განეხილათ, თუ როგორ შეუძლია NATO-ს გააძლიეროს ოფიციალური პარტნიორობა იაპონიასთან და კორეის რესპუბლიკასთან საკითხებზე.)


  • NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინახავიერ კოლომინა მომავალ სამიტზე საუბარას ჯერ ნაადრევად მიიჩნევს, თუმცა იმედოვნებს, რომ საქართველო ვაშინგტონში წარმოდგენილი იქნება.
„რთულია ახლა იმაზე საუბარი, ვინ დაესწრება ვაშინგტონის სამიტს. ეს საუბრები მოკავშირეებს შორის უნდა გაიმართოს და გადაწყვეტილებებიც მათ უნდა მიიღონ. ჩემი აზრით, საქართველო იქნება მოწვეული და წარმოდგენილი. ჯერ არ ვიცი, რა დონეზე, მაგრამ მჯერა, რომ საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ საქართველო იქნება მოწვეული. მოწვევა მოვა უმაღლეს დონეზე თუ მინისტრის დონეზე, ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ დღის ბოლოს საქართველო სამიტზე იქნება წარმოდგენილი,“ განუცხადა მან ქართულ მედიას 19 დეკემბერს.

ვაშინგტონის სამიტის გეგმებზე მოკლედ ისაუბრა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლუქსემბურგის პრემიერთან შეხვდრამდე. მან აღნიშნა, რომ ალიანსი პარტნიორებთან კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს.

„ჩვენ მომავალ წელს ვაშინგტონის სამიტზე გამოვალთ გეგმით, რომ მომდევნო ათწლეულში მივაღწიოთ თავდაცვისთვის მშპს დანახარჯების 2%-ს. ჩვენ ამ გეგმებს ვაშინგტონის სამიტზე წარვადგენთ. მომავალ წელს ვაშინგტონის სამიტზე ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენი ალიანსის ადაპტაციას; შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებას; რეაგირებას სტრატეგიულ კონკურენციაზე. და კიდევ უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.