შვეიცარია მხარს უჭერს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივას მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით და კიევს მედიაციის კუთხით საკუთარი გამოცდილების გაზიარებას სთავაზობს. ამის შესახებ შვეიცარიის ელჩმა უკრაინაში ფელიქს ბაუმანმა Ukrinform-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„შვეიცარია მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობის ფორმულის ინიციატივას, როგორც სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის საშუალებას. ჩვენ გადავწყვიტეთ, შევუერთდეთ სამუშაო ჯგუფს, რადგან ვგრძნობთ, რომ შვეიცარიას შეუძლია, კიევს გაუზიაროს თავისი გამოცდილება და ცოდნა, როდესაც საქმე ეხება მედიაციას ან ცეცხლის შეწყვეტის სამართლებრივ დებულებებს,“ - განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, „ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტი ზოგადად მთავრდება მოლაპარაკებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოოდ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ და როდის სურს მოლაპარაკება რუსეთთან.”
„ამასთან დაკავშირებით, შვეიცარია მზადაა, უზრუნვლყოს თავისი რესურსები, როცა მხარეები ამას მოისურვებენ," - აღნიშნა ელჩმა.
ცნობისთვის, იანვრის შუა რიცხვებში შვეიცარიაში გაიმართება სახელმწიფოს მეთაურების მრჩეველთა შემდეგი შეხვედრა, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის მიერ წარმოდგენილი მშვიდობის ფორმულა განიხილება.