ჩეხეთი სამშობლოში დაბრუნების მსურველ უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ხელი მოაწერა ცვლილებებს Lex Ukraine-ის კანონში, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩეხეთში ჩასული უკრაინელების სტატუსს არეგულირებს.

ცვლილების ძირითადი დებულება ითვალისწინებს ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის მოქალაქეების დროებითი დაცვის გაგრძელებას 2025 წლის მარტამდე, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.


კანონი ასევე ითვალისწინებს დროებითი დაცვის სტატუსის მქონე ლტოლვილების ფინანსურ მხარდაჭერას უკრაინაში დაბრუნების დროს. ამ მხარდაჭერის მოცულობა ჩეხეთის მთავრობის მიერ, ჯერჯერობით, განსაზღვრული არ არის. უკრაინელ ლტოლვილებს შეეძლებათ მიმართონ ასეთი დახმარების თხოვნით მხოლოდ ერთხელ და არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე.

დადგენილების თანახმად, თუ ეს ადამიანები მოგვიანებით მოისურვებენ ჩეხეთის რესპუბლიკაში გრძელვადიანი ვიზის აღებას, მათ პირველ რიგში იმ თანხის ნახევრის დაბრუნება მოუწევთ, რაც ჩეხეთის მთავრობამ გამოუყო სამშობლოში დასაბრუნებლად.

ცნობისათვის, ოქტომბრის მონაცემებით, 359 000 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფებოდა, საიდანაც დაახლოებით 115 ათასი ლეგალურად იყო დასაქმებული.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) კვლევის თანახმად, ჩეხეთში მყოფი უკრაინელ ლტოლვილთა 10% უახლოეს მომავალში გეგმავს სამშობლოში დაბრუნებას, 66% კი იმედოვნებს, რომ ოდესმე დაბრუნდება. ამავე დროს, უკრაინელი ლტოლვილების 75% ჩეხეთიდან არსად გადასვლას ჯერ არ გეგმავს.

მიმდინარე წლის დეკემბერში განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში დღეისთვის 4 მილიონ 238 ათასი უკრაინელი დევნილი ცხოვრობს. მათგან ყველაზე მეტი - 1,21 მილიონი ადამიანი ცხოვრობს გერმანიაში, 960 ათასი პოლონეთში და 365 ათასი - ჩეხეთის რესპუბლიკაში.