პრემიერი ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „წარმატებულ საგარეო პოლიტიკაზე.“

მან ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მიღწევას „დიდი გარღვევა“ უწოდა. ხაზი გაუსვა ამერიკასთან  და ევროპასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას. 

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ „რეგიონში საქართველოს აქვს სრული, ჰარმონიული ურთიერთობა თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველო ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პროცესში.“


„მე მინდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ჩვენს ამერიკელ კოლეგებს. იცით, რომ ბოლო წლებში საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკა. მე პირადად, ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვახორციელებდი და მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტებიც, შეხვედრები.

ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე, შეიძლება ითქვას, გადავიდა. არმხოლოდ სამეზობლოში, არამედ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დავიწყებდი, ევროპის მასშტაბით ჩვენ გვქონდა არაერთი წარმატებული შეხვედრა და გავაძლიერეთ, განვამტკიცეთ როგორც ორმხრივი ურთიერთობა, ასევე, მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობები.


მოგეხსენებათ, ასევე მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი რეგიონში, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ჩინეთში, საკმაოდ დიდი გარღვევა გვქონდა ჩვენ და გავხდით სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთის, რომელიც არის მეორე მსოფლიო ეკონომიკა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება კიდევ უფრო მეტად.


რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას და გამყარებას, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან. რა თქმა უნდა, რეგიონში გვაქვს ჩვენ სრული, ჰარმონიული ურთიერთობა, შეიძლება ითქვას, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველო ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პროცესში.

ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდი ძალიან წარმატებული საგარეო პოლიტიკა გვქონდა. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა ელჩს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ილიას. მე ვიცი, რომ სამინისტროში ძალიან ბევრი საკითხი იქნა მოგვარებული, გადაჭრილი უშუალოდ ბატონი მინისტრის ხელმძღვანელობით და მას ნამდვილად ეკუთვნის მადლობა ამ ეფექტური მმართველობისთვის. ჩვენთვის ახლა მთავარი ამოცანა, ძვირფასო მეგობრებო. არის ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ამ რეფორმების კურსის გაგრძელება, სწრაფი შედეგების, სწრაფი განვითარების მოტანა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არაერთი ეფექტიანი ნაბიჯი გადავდგით სწორედ ქვეყნის კიდევ უფრო სხვა ეტაპზე გადასაყვანად,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.