აშშ აცხადებს, რომ წითელ ზღვაში 12 დრონი და 5 რაკეტა ჩამოაგდო

აშშ აცხადებს, რომ წითელ ზღვაში ჩამოაგდო 12 დრონი, 3 ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა და სახმელეთო შეტევის 2 ფრთოსანი რაკეტა, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა გაისროლეს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ, აშშ-ის ხელმძღვანელობით, ახალი მრავალეროვნული ოპერაცია იწყება.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ოპერაციის ფარგლებში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ, გაერთიანებული სამეფო, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები და ესპანეთი არიან.

აშშ-სა და მისი პარტნიორი ქვეყნების ოპერაციას წითელ ზღვაში, საბერძნეთიც შეუერთდა.


ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების დაჯგუფება Ansar Allah-ი იემენის ნაწილს აკონტროლებს. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მეამბოხეებმა სამიზნედ გამოაცხადეს ისრაელის გემები, თუმცა თავს ესხმიან სხვა ქვეყნების სატვირთო გემებსაც. თავდასხმის მცდელობა იყო ამერიკულ სამხედრო გემებზეც, რომლებიც წითელ ზღვაში პატრულირებენ.