ევროკავშირი უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, „გეგმა B“ -ს ამზადებს იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევისთვის გნკუთვნილ 50-მილიარდიან დახმარებას დაბლოკავს. ფინანსურ გარანტიებს მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნები უზრუნველყოფენ.
Financial Times-ის თანამოსაუბრეების თქმით, ეს გეგმა მსგავსია იმ სქემისა, რომელიც 2020 წელს, კოროვირუსული პანდემიის ფონზე ეკონომიკის მხარდასაჭერად დაიწყო, რაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ჩართულობას არ მოიცავდა. გეგმის მინუსი არის ის, რომ ის მოიცავს მხოლოდ სესხებს და არა გრანტებს, თუმცა, წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, ორმხრივ საფუძველზე გადაწყვიტონ, უზრუნველყონ დახმარება.
კიდევ ერთი სარეზერვო ვარიანტი, რომელიც განიხილება, დაფინანსების სქემის გახანგრძლივებაა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირმა უკვე გამოყო 18 მილიარდი ევრო უკრაინისთვის ხელსაყრელი სესხების სახით. ეს მოითხოვს უმეტესი ქვეყნების თანხმობას. თუმცა ამ ეტაპზე ევროპელი მაღალჩინოსნების უმეტესობა მომხრეა, რომ 50-მილიარდიანი ძირითადი გეგმა შეთანხმდეს.
ევროკავშირის ეს დამატებითი საბიუჯეტო პაკეტი მოიცავს არამარტო ოთხწლიან დახმარებას, არამედ, ასევე მოიცავს 4 მილიარდ ევროს სხვა პრიორიტეტებისთვის, მათ შორის, თავდაცვაში ინვესტიციებისთვის.