როგორ აპირებს აშშ კიევის პოზიციების გაძლიერებას მოსკოვთან პოტენციური მოლაპარაკებისთვის

Politico წერს, რომ შეერთებული შტატები განიხილავს უკრაინის მხარდაჭერის ახალ სტრატეგიას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში. კერძოდ, განიხილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვეყნის აღმოსავლეთში უფრო სიღმისეულ თავდაცვაზე გადასვლის საკითხი. ვაშნგტნი მოსკოვთან შესაძლლო მოლაპარაკების შემთხვევაში კიევის პოზიციების განმტკიცებას და უკრაინისთვის საუკეთესო პირობების შექმნას ისახავს მიზნად. ამის შესახებ გამოცემა Politico რამდენიმე ამერიკელ და ევროპელ მაღალჩიოსანზე დაყრდნობით წერს. 


მედიის ცნობით, სტრატეგია მოიცავს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და ბარიერების მშენებლობას ფრონტის ხაზის გასწვრივ, ასევე, ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებისა და თხრილების გაძლიერებას უკრაინის საზღვრის გასწვრივ ბელორუსთან.

თეთრი სახლის წარმომადგენელი ანონიმურობის დაცვის პირობით აცხადებს, რომ თავდაცვის მიმართულებით გადასვლა მიზნად ისახავს უკრაინის პოზიციის განმტკიცებას მომავალ მოლაპარაკებებში.

როგორც ცნობილია, კიევი რუსეთთან მოლაპარაკების პირობად ასახელებს რუსეთის ჯარების სრულ გაყვანას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან, მათ შორის, 2014 წელს ანექსირებული ყირიმიდან.


„უკრაინელების რუსეთთან მოსალაპარაკებლად საუკეთესო პოზიციაში დასაყენებლად შესაძლოა, უკრაინის NATO-ში მიღების პროცესის დაჩქარება გამოდგე,“ განუცხადა Politico-ს ევროპელმა დიპლომატმა.

თუმცა, თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ჯერჯერობით, მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის და უკრაინის ჯარები თავდასხმას აგრძელებენ. 

„სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ დისკუსიები იწყება, მაგრამ თეთრ სახლს თავისი პოზიციებიდან საჯარო უკან დახევა არ შეუძლია ბაიდენისთვის პოლიტიკური რისკის გამო,“ განუცხადა თავის მხრივ, გამოცემას კონგრესის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით.

Politico-სთან წყაროები ასევე ამბობენ, რომ სტრატეგიის ცვლილება შეერთებული შტატების მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. გაჭიანურებულმა კონფლიქტმა ხელშესახები წარმატების გარეშე შეიძლება, გაართულოს ჯო ბაიდენის ხელახალი არჩევის კამპანია და სიტუაცია დონალდ ტრამპის სასარგებლოდ შეიცვალოს.

ცნობისთვის, მანამდე The New York Times-ი წერდა, რომ პენტაგონი უკრაინას ურჩევს, 2024 წლის განმავლობაში გამოიყენოს სტრატეგია - „შეაჩერე და ააშენე“. გამოცემა წერდა, რომ ამის შემდეგ, ალბათ, 2024 ან 2025 წლის ბოლოს გაჩნდება რუსეთთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების რეალური შესაძლებლობა.