აზერბაიჯანი, თურქმენეთი და უზბეკეთი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავენ. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიიოევმა და თურქმენეთის „ჰალკ მასლახატი“-ს თავმჯდომარემ გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა 22 აგვისტოს თურქმენბაშიში გამართული სამმხრივი სამიტის შემდეგ მიიღეს.
თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში აღნიშნულია მხარეთა საერთო შეხედულება სამ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის აუცილებლობის შესახებ.
ამ კონტექსტში, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ თავიანთი ქვეყნების ბიზნეს საზოგადოებებს შორის პირდაპირ კავშირებს შეუწყონ ხელი.
მათ ასევე გამოთქვეს მხარდაჭერა სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პრაქტიკული ძალისხმევის გააქტიურებისა და ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიმართ, რომლებიც მათი ერების ინტერესებს ემსახურება.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წარმოებისა და ინდუსტრიული თანამშრომლობის გაფართოებაზე. სამივე ლიდერმა მიაღწია შეთანხმებას - ტექსტილის, ქიმიური, სამშენებლო და სხვა სამრეწველო სექტორებში ერთობლივი საწარმოების შექმნის გზით - გრძელვადიანი, ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაგრძელების შესახებ.
გარდა ამისა, უზბეკეთი აზერბაიჯანისა და თურქმენეთის გემთმშენებელი ქარხნებიდან გემების შეძენის შესაძლებლობას იკვლევს. ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა ილხომ მახამოვმა თურქმენეთ-აზერბაიჯან-უზბეკეთის სამმხრივი სამიტის დროს გააკეთა.
„ისევე, როგორც აზერბაიჯანში, თურქმენეთშიც არის გემთმშენებელი ქარხანა. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაანალიზებთ ამ ობიექტებიდან გემების შეძენის შესაძლებლობას. ყველა ტექნიკური ასპექტი უნდა შემუშავდეს,“ - აღნიშნა მახამოვმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უზბეკეთი კასპიის ზღვაში საკუთარი ბორნების ექსპლუატაციას გეგმავს, რაც გამოწვეულია ტვირთების მოცულობის მკვეთრი ზრდით და არსებული შეფერხებებით, რომლებიც შეიძლება, 30-დან 40 დღემდე გაგრძელდეს.