საერთაშორისო პარტნიორები მკაცრად გმობენ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის “გადაცემის“ შესახებ უკანონო გადაწყვეტილებას

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას უკანონოდ მიიჩნევენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ. დღის განმავლობაში საქართველოს მხარდამჭერი რამდენიმე განცხადება გავრცელდა.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას კანონიერი ძალის არმქონედ თვლის ჩეხეთი.

„ჩეხეთი ყოველთვის უჭერდა და კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შესაბამისად, ამის დარღვევად მიგვაჩნია აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემა, ყველა ამგვარი გადაწყვეტილება ანულირებული და ბათილია," წერს ელჩი პეტრ კუბერნატი Twitter-ზე.


საფრანგეთი რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას ასევე უკანონოს უწოდებს.

„საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა, აფხაზეთის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო და ბათილია,“ წერს ელჩი შერაზ გასრი.


აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მიწების რუსეთისთვის გადაცემის უკანონო მცდელობებს.

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მუდმივი ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები," - განაცხადა მილერმა.


საქართველოში ესტონეთის საელჩოს განცხადებით, ქვეყანა „მკაცრად გმობს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.

ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიოტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.“


რუმინეთი ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემას არ აღიარებს. ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩი, რაზვან როტუნდუ წერს.

„რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამგვარად, რუმინეთი არ აღიარებს ბიჭვინთის/პიცუნდის ტერიტორიის გადაცემას რუსეთის ფედერაციისთვის," წერს როტანდუ X-ზე.


NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან აცხადებს, რომ საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია.

  • „საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთისთვის მიწების გადაცემის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. NATO ჩვენს ახლო პარტნიორს საქართველოს სოლიდარობას უცხადებს,“ - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.